დღეს აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში გუშინდელ გადაწყვეტილებას – თამარ კორძაია

დღეს აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში გუშინდელ გადაწყვეტილებას, არა იმიტომ, რომ გვჯერა, სააპელაციო იქნება ობიექტური, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს მათი ლუსტრაცია, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლე საქმის დეტალებს არ იცნობდა.

„პირველ რიგში, რამდენიმე სიტყვას ვიტყვი გუშინდელ სასამართლოსთან დაკავშირებით, გუშინ სამართლის ხმა იყო, მხოლოდ მოსამართლის ჩაქუჩის ხმა, რადგან მას საერთოდ არაფერი არ ჰქონდა წაკითხული. დღეს ჩაგვბარდა უკვე გადაწყვეტილება, 18:00 საათამდე აუცილებლად შევიტანთ სააპელაციო სასამართლოში, არა იმიტომ, რომ გვჯერა, სააპელაციო იქნება ობიექტური, მიუკერძოებელი ან რომელიმე განჩინებას გააუქმებს ჩვენს შუამდგომლობასთან დაკავშირებით, არამედ, კიდევ ერთხელ მათი ლუსტრაციისთვის, რადგან ყველა მოსამართლემ პერსონალური პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მომავლის განადგურებისათვის აიღოს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, „ძლიერი საქართველოსა” და საიას სარჩელები, რითაც მხარეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.