4 პარტიას ჰყავს ერთი ავტორი ერთი პატრონი, რომელსაც ჰქონდა მიზანი წინასაარჩევნოდ ისე შეეფუთა ყველაფერი,  რომ  საზოგადოების გარკვეულ  ნაწილს  „ლელოს“ და “გახარიების” პარტია არ გაეიგივებინა „ნაცმოძრაობასთან“ – რატი იონათამიშვილი

მინდა ამ პარტიებზე ვილაპარაკო, რომელიც სინამდვილეში ოთხი პარტია კი არ არის, არამედ არის ოთხი პოლიტიკური პროექტი და ამ ოთხ პროექტს ჰყავს ერთი ავტორიც და ერთი პატრონიც , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „დღის კურიერი“ განაცხადა.

რატი იონათამიშვილმა ოთხი ბარიერგადალახული პარტიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვინაიდან, ამ პარტიებს სხვადასხვა სახელები აქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სხვადასხვა პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური პროექტoა.

მისივე თქმით, ისინი ერთი ავტორის და ერთი პატრონის მხრიდან იმართებიან, რომლებიც საქართველოში ებრძვიან ოჯახურ ტრადიციებს, გამჭვირვალობის პრინციპს და მშვიდობას.

„ამ პატრონს ჰქონდა ერთ-ერთი მიზანი წინასაარჩევნოდ რომ ისე შეეფუთა ეს ყველაფერი, რომ ცრუ აღქმები გაეჩინა ჩვენს საზოგადოებაზე და ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მაგალითად, „ლელოს“ და გახარიების პარტია არ გაეიგივებინა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩვენ შეგვიძლია მათი პატრონები ამაში შევაქოთ კიდევაც, ვინაიდან, მეტ-ნაკლებად ამ ცრუ აღქმების განვითარებას მათ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მიაღწიეს, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს და უნდა იყოს ძალიან ყურადღებით, ვინაიდან ის, რომ ამ პარტიებს აქვთ სხვადასხვა სახელები ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სხვადასხვა პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური პროექტები არიან. ისინი ერთი ავტორის და ერთი პატრონის მხრიდან იმართებიან და აქ მახსენდება ხოლმე გრიგოლ რობაქიძის კლასიკა, რომ „გველი კანს იცვლის, მაგრამ ზნეს არა“ და ამ ოთხივე პარტიას აქვს ერთი ზნეც, ერთი მიზანიც და ეს მიზანი რა არის?!- საქართველოში ებრძვიან ოჯახურ ტრადიციებს, გამჭვირვალობის პრინციპს და ებრძვიან მშვიდობას იმიტომ, რომ მათი მიზანია ოჯახების დეგრადირება რომ ადვილი სამართავი იყოს საზოგადოება. მეორეს მხრივ, ყველანაირად შეეცადონ, რომ არეულობამ გამოიწვიოს მაქსიმალური ესკალაცია და მეორე ფრონტი. ამიტომ ებრძვიან და ორგანულად სძულთ სიტყვა მშვიდობა და მშვიდობის მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მათი პატრონების მიზანი რა მიზნის განხორციელების ინსტრუმენტად არის ქცეული ეს ოთხივე პარტია, რომელიც სინამდვილეში არანაირი პოლიტიკური პარტიები არ არიან. მათ არანაირი პოლიტიკური პლატფორმები და ხედვები არ გააჩნიათ და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ. ისინი არიან პოლიტიკური პროექტები შექმნილი საქართველოში მშვიდობის, ოჯახური და ტრადიციული ღირებულებებისა და გამჭვირვალობის წინააღმდეგ. ეს არის ფაქტი და საზოგადოებაც ხედავს, რომ ეს ოთხივე პარტია სინამდვილეში ერთი წარმონაქმნია, ერთი ინსტრუმენტია სხვების ხელში“ ,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.