ოპოზიცია გამოუშვებს რაღაც ზეპირ ბრალდებებს და შემდეგ ფეხს ფეხზე გადაიდებენ, კეთილი ინებონ, მტკიცებულებები წარადგინონ ან თქვან, რომ ჩვეულებრივი ჭორიკნები არიან -შალვა პაპუაშვილი

ოპოზიცია გამოუშვებს რაღაც ზეპირ ბრალდებებს, ქვეყანას მიაყენებენ რეპუტაციულ ზიანს და შემდეგ ფეხს ფეხზე გადაიდებენ. კეთილი ინებონ და მტკიცებულებები წარადგინონ შესაბამის ორგანოებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას მტკიცებულებები თუ არ აქვს, „მაშინ საზოგადოება შეაფასებს მათ, როგორც ჭორიკანა პოლიტიკოსებს“.

„ოპოზიცია შეჩვეულია, რომ გამოუშვებს რაღაც ზეპირ ბრალდებებს, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ არჩევნებს, ქვეყანას მიაყენებენ რეპუტაციულ ზიანს და შემდეგ ფეხს ფეხზე გადაიდებენ, ხარობენ, ხალისობენ იმით, როგორ ვისმენთ სხვადასხვა განცხადებას ერთი თუ მეორე ქვეყნიდან. კეთილი ინებონ და რაიმე საფუძველი თუ აქვთ ბრალდების, რომელსაც უყენებენ საკუთარ ქვეყანას, მტკიცებულებები წარადგინონ შესაბამის ორგანოებში. ხომ უნდოდათ გამოძიება? აი, ბატონო, მიიღეს გამოძიება და წარადგინონ რაიმე მტკიცებულება. თუ არ აქვთ, მაშინ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეაფასებს მათ, როგორც ჭორიკანა პოლიტიკოსებს. მათი უფლებაა, აირჩიონ, რა ფორმით იქნებიან გამოკითხული, მაგრამ გამოკითხვის დროს ან წარადგინონ მტკიცებულებები, ან თქვან, რომ ჩვეულებრივი ჭორიკნები არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.