ვულოცავ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას – ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია და ჩვენ მას პატივს ვცემთ -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მისი თქმით, ის ურთიერთობები, რაც აშშ-საქართველოს შორის არსებობს, გადატვირთვას საჭიროებს, თუმცა ქართველმა ხალხმა თავისი გასაკეთებელი თავად უნდა გააკეთოს.

„ვულოცავ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია და ჩვენ მას პატივს ვცემთ, ისევე, როგორც საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი და მხარი დაუჭირა მშვიდობას, განვითარებას, კეთილდღეობას, ღირსეულ, ევროპულ მომავალს. აშშ-სთან ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. არაერთხელ გვითქვამს, რომ ის განცხადებები, რაც ბოლოს კეთდებოდა, არავისთვის იყო მისაღები. არსებული ურთიერთობები საჭიროებს გადატვირთვას, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ჩვენს გასაკეთებელს ვერც ამერიკა გააკეთებს, ვერც ევროპა, ქართველმა ხალხმა უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, მის ეროვნულ ინტერესებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესები უნდა გაატაროს და ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას.

„რა თქმა უნდა, ყველას თავისი ინტერესი აქვს, ამერიკას თავისი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს თავისი. ევროპასაც აქვს თავისი ინტერესი საქართველოსთან მიმართებით. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ქართველი ხალხის ინტერესი და ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ. არც ამერიკელი ჩამოვა აქ და გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს, არც ევროპელი. ქართველმა ხალხმა უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის შენარჩუნებაზეც, ქვეყნის განვითარებაზეც და არავის დავუთმოთ ქვეყნის სუვერენიტეტი და ინტერესი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.