ნებისმიერი პარტია იქნება, კონკრეტული პიროვნება თუ რაიმე დაჯგუფება, აზრის გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა ფორმით ყველას აქვს-კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კანონის ფარგლებში აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ყველას აქვს. ამის შესახებ მან ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

„ვხედავთ, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და ვინ არიან, თუმცა აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით, ნებისმიერი პარტია იქნება, კონკრეტული პიროვნება თუ რაიმე დაჯგუფება, ყველას აქვს. მთავარია, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში და ჩარჩოებში იყოს. ოპოზიციის ეს კონკრეტული განცხადებებიც მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს, რომელსაც ოპოზიცია აპროტესტებს, თბილისის მერი პასუხობს, რომ მათ რეალურად არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ, არჩევნებში მარცხი კი ყველას დააბრალეს, საკუთარი თავის გარდა.

„რეალურად, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი სიცრუის კამპანია. ცდილობენ, რომ როგორმე სახე შეინარჩუნონ, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლების წინაშე, რადგან მთელი კამპანიის განმავლობაში საკუთარ ამომრჩევლებს ატყუებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ იგებდნენ, კარგი პოზიციები ჰქონდათ, გაყალბებულ კვლევებს აჩვენებდნენ, გაყალბებული ეგზიტპოლები წარუდგინეს საზოგადოებს. შემდეგ გამოვიდნენ და ყველას და ყველაფერს დააბრალეს არჩევნების წაგება. ხალხს ლანძღავდნენ, თავიანთ ამომრჩეველს, „ჯენზის“ აყენებდნენ შეურაცხყოფას, თითქოს ახალგაზრდებმა წააგებინეს არჩევნები. საკუთარი თავის გარდა, ყველას და ყველაფერს დააბრალეს. რაიმე მტკიცებულება თუ აქვთ, ვიდრე პროკურატურაში მიიტანენ, ხალხსაც აჩვენონ და წარუდგინონ, იქნებ საზოგადოებამ ნახოს, რა მტკიცებულებებზეა საუბარი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.