აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება – დეტალები

აშშ-ში დღეს რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამერიკის მოქალაქეები და შემდგომ საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს, ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში – „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თუ „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

საარჩევნო უბნები ყველაზე ადრე ვერმონტის შტატში იხსნება და ყველაზე გვიან – ჰავაის შტატში.

დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ის არჩევნების შედეგები, როგორც წესი, უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში ცხადდება, მაგრამ წლევანდელი დაძაბული კონკურენციის პირობებში, შეიძლება, მეტი ლოდინი გახდეს საჭირო.

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.