“რამდენად სწრაფად „დაიბანს ხელს“ ტრამპი უკრაინასთან მიმართებით?”-რას წერს უცხოური პრესა

ბრიტანულ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რამდენად სწრაფად „დაიბანს ხელს“ ტრამპი უკრაინასთან მიმართებით?“ (ავტორი – ქრისტოფერ კონდუელი). მასში განხილულია უკრაინის ომის პერსპექტივისა და კიევისადმი დახმარების საკითხი აშშ-ის საპრეზიდენტო არცევნების დასრულების შემდეგ – კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის სავარაუდო პრეზიდენტობის შემთხვევაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ამერიკელი პოლიტიკოსებისათვის ამჟამად ყველა ომი ორ ფრონტზე მიმდინარეობს: პირველი სადღაც გარეთ – სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ახლო აღმოსავლეთში, მეორე – უფრო ახლოს, შიგნით, ვაშინგტონში, პოლიტიკური ბრძოლების სახით. რასაკვირველია, დღეისათვის შინა ომს უფრო მეტი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გარეშეს. ეს ეხება ევროპასაც. ჯო ბაიდენის წასვლით აშშ-ის ინტერესი ევროპისა და უკრაინის მიმართ შესუსტდება. ევროპელებს რუსეთის წინაშე მარტო დგომა მიუწევთ. ისინი ამისთვის უნდა მოემზადნონ.

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებები, როგორი ბუნდოვანიც არ უნდა იყოს, უკრაინას კარგს არაფერს უქადის. იგი კიევს აფრთხილებს, რომ თუ პრეზიდენტი გახდება, უკრაინის ომს 24 საათსაც ვეღარ მოითმენს. დონალდ ტრამპისა და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ჯეიმს დევიდ ვენსისათვის უკრაინის ომი შეცდომას წარმოადგენს, რომლისგანაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ხელი უნდა დაიბანოს“. საკითხი, თუ ტერიტორიის რომელი ნაწილი დაუბრუნდება უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგად, ეს მხოლოდ უკრაინის პრობლემაა და არა ამერიკისა, ამაზე მხოლოდ კიევმა უნდა იზრუნოს.

დემოკრატ კანდიდატს კამალა ჰარისს თიტქოსდა პროუკრაინული პოზიცია აქვს, მაგრამ იგი უკრაინის ბედზე სექტემბრიდან თითქმის არაფერს ამბობს. ყოველ შემთხვევაში, აშკარად იგრძნობა, რომ საკითხს თავს არიდებს. ამერიკელები უკრაინის ამბებს ძველებურად ემოციურად არ აღიქვამენ – იე როგორც 2022 წლის თებერვალ-მარტში, როცა რუსეთის არმია კიევის კარიბჭესთან იდგა, ხოლო აშშ-ის მოსახლეობის ნახევარზე მეტი რუსულ აგრესიას ქვეყნისათვის  „მთავარ საფრთხედ“ თვლიდა.

დღეს სხვა სიტუაციაა: Pew Center-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, რომ ამჟამად ამერიკელების ორი მესამედმა უკრაინისადმი დამოკიდებულება შეიცვალა და კიევს მხარს ძველებურად მტკიცედ აღარ უჭერს. ორი კვირის წინათ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელის“ მიერ გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელები უკრაინის მიმართ დონალდ ტრამპის მიდგომებს უფრო იწონებენ (59%), ვიდრე კამალა ჰარისის პოზიციას (39%). გარდა ამისა, ამერიკა არ გეგმავს ნატოს წევრად უკრაინის მიღებას – უხლოეს ხანში კიევის გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წარმოუდგენელია.

რა თქმა უნდა, დემოკრატები უფრო მეტი პროუკრაინულად არის განწყობილი, ვიდრე რესპუბლიკელები. ჯო ბაიდენმა, როცა იგი მარტში მოხსენებით გამოვიდა კონგრესის წინაშე, საკუთარი თავი ფრანკლინ რუზველტს შეადარა, როცა „ჰიტლერი უძლეველად ითვლებოდა“. ჯო ბაიდენი აშკარად ტრაბახობდა და ამბობდა, რომ მის წინაშე მდგარი პრობლემა უფრო რთულია, ვიდრე რუზველტისათვის. დღეს, 2024 წელს, რუსეთი ბევრად უფრო საშიშია ამერიკისათვის, ვიდრე გერმანია ამერიკისათვის 1941 წელს. დღევანდელი ვლადიმერ პუტინი უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე ადოლფ ჰიტლერი 84 წლის წინათ.

რესპუბლიკელებისთვის უკრაინისათვის ბრძოლა საერთოეროვნულიდან სულ უფრო პარტიული ხდება. ისინი დემოკრატებთან შედარებით ნაკლებად პროუკრაინელები არიან. კიევის მხარდამჭერი ნეოკონსერვატორები, მაგალითად, ლინდსი გრემი და სხვები, თავიანთ გავლენას კარგავენ. ვოლოდიმირ ზელენსკის რესპუბლიკელებში მომხრეები უმცირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-სთვის უკრაინისადმი დახმარება თანდათან სულ უფრო მძიმე ტვირთი ხდება. ვის ეხმარება ამერიკა? კატასტროფულად კორუმპირებულ სახელმწიფოს, რომელსაც დასავლეთი დემოკრატიულ სახელმწიფოდ მიიჩნევს. დასავლეთი სპეციალურად ბერავს რუსეთის დანაკარგებს, მაგრამ ნაკლებს ან საერთოდ არ ლაპარაკობს უკრაინის დანაკარგებზე. ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი ამბობს, რომ კრემლი რუს ჯარისკაცებს ხორცსაკეპში იძულებით გზავნისო, მაგრამ ჩუმად არის უკრაინის მთავრობის მიმართ, რომელიც იგივეს აკეთებს  უფრო უარესი მეთოდებით

უკრაინა დასავლეთისაგან, განსაკუთრებით აშშ-სგან მეტი იარაღის მიწოდებას ითხოვს, მაგალითად, შორი რადიუსის „ტომაჰავკის“ რაკეტებს, რუსეთის ტერიტორიის ღრმა ზურგში მდებარე ობიექტებისათვის დარტყმების მისაყენებლად

პრობლემა მხოლოდ რაკეტების მიცემაში არ გამოიხატება. საქმ იმაშია, რომ უკრაინას არ შეუძლია შორსი მოქმდების რაკეტების დამოუკიდებლად გაშვება. მათთვის აუცილებელია დასავლური რადიოლოკაციური სადგურები და დამიზნების საშუალებები. შესაბამისად, მათი გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ ნატოს ომში ჩაბმას ნიშნავს, რაც ძალზე სახიფათო პერსპექტივის მომტანია.

ნათელი ხდება, რომ საპრეზიდენტო რბოლის დასრულების ეტაპზე უკრაინაში მიმდინარე ომი სულ უფრო მუქ ფერებში მოჩანს. ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი თუ კამალა ჰარისი, ის გადაულახავი საშინაო ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება, რომელიც კიევისადმი დახმარების შემცირებას გულისხმობს. კამალა ჰარისის გუნდში ბარაკ ობამას ადმინისტრაციის რამდენიმე ვეტერანი ჩინოვნიკი მუშაობს, რაც ნიშანდობლივია: ათი წლის წინ ბარაკ ობამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების შესუსტებაში – თეთრმა სახლმა თავი შეიკავა იარაღის მიწოდებაზე უკრაინისათვის. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროსაც რეგიონში ძირითადად მშვიდობა სუფევდა – არა იმიტომ, რომ იგი თავისი გავლენით სარგებლობდა (რითაც ახლა ტრაბახობს), არამედ უფრო იმიტომ, რომ მისი მაშინდელი ადმინისტრაცია მესიანობისაკენ არ იხრებოდა. ისტორია, ალბათ, თავისას მიუზღავს აშშ-ის ყველა ბოლოდროინდელ პრეზიდენტს, რომლებიც უკრაინის საკითხში უფრო მეტად პრაგმატიზმს ამჟღავნებდნენ, ვიდრე ქედმაღლობას.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო