რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 11 წლის ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საჰაერო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 34 შეადგენს. „ბიჭი, რომელიც ტერორისტმა ქვეყანამ მოკლა, 11 წლის იყო. ის ნანგრევებიდან თავის მძიმე ტრავმებითა და მრავალი მოტეხილობით ამოიყვანეს. მედიკოსები ნახევარ საათზე მეტხანს რეანიმაციულ ღონისძიებებს უტარებდნენ. სამწუხაროდ, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – წერს ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამში“.
ნანგრევებში მოყოლილია კიდევ ერთი ბავშვი და ზრდასრული ადამიანი. აღსანიშნავია, რომ დაბომბვას საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი მოჰყვა, რომლის ჩაქრობასაც მეხანძრე-მაშველები ახლაც ცდილობენ. ხანძრის საერთო ფართობი 80 კვადრატულ მეტრს შეადგენს.