ბაიდენი ვერ იქნება არჩევნების შემფასებელი, ამას აფასებს ეუთო/ოდირი-კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვერ იქნება საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემფასებელი, რადგან ამას საერთაშორისო ორგანიზაცია ეუთო/ოდირი აკეთებს. ამის შესახებ კახა კალაძემ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლითაც ბაიდენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა.

„ჯო ბაიდენი ვერ იქნება არჩევნების შემფასებელი, ვერც იმის, ხელისუფლება ლეგიტიმურია თუ არა. ამას აფასებს ეუთო/ოდირი. ჩვენ მოვისმინეთ ამ ორგანიზაციის შუალედური დასკვნა, რომელიც იყო საოცრება. ასეთი დასკვნა მე არ მახსოვს არჩევნებზე და არჩევნების დასრულების შემდეგ. პირდაპირ თქვეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, მრავალპარტიული და ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, გაეკეთებინა არჩევანი.

რაც შეეხება იმ განცხადებებს, ზუსტად მაგიტომ დაიწყო გამოძიება, რომ ყველაფერს გაეცეს შესაბამისი პასუხი, რათა კითხვის ნიშანი არ დარჩეს ვინმეს. ამასთან დაკავშირებით წინა დღეებში მეც ვისაუბრე და პრემიერმაც გააკეთა განცხადება. ვისაც სურვილი აქვს, გინდ ქვეყნის შიგნით და გინდ გარეთ, ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ გადათვალონ, დათვალონ ყველაფერი. წინა, 2020 წლის არჩევნებზეც ასეთი დამოკიდებულება გვქონდა, იმიტომ, რომ დარწმუნებულები ვართ ჩვენს სიმართლეში, დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ არჩევნები ჩატარდა უმაღლეს დონეზე. ახლაც, რამდენი უბანიც უნდათ, გახსნან, გადათვალონ და ნახონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, სადაც გამოძიებისთვის შესაბამისი ინსტიტუციები არსებობს.

„ქვეყნის გარეთ როგორ უნდა დაიწყოს გამოძიება? დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ვცხოვრობთ ჩვენი კონსტიტუციით და კანონებით. საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს, რას ნიშნავს? რაიმე დანაშაული გვაქვს ჩადენილი საერთაშორისო დონეზე? კითხვები რომ ჩნდება, ქვეყანაში არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროკურატურას მიმართა, იმიტომ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ აბსურდულ, ცრუ განცხადებებს, რომელთაც არანაირი ფაქტები არ უმაგრებს ზურგს, არანაირი საფუძველი არ აქვს. ქვეყანას რეპუტაციულად ზიანი რომ არ მიადგეს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ჩატარდეს გამოძიება და ყველა კითხვას გავცეთ შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.