შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს

შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს, – ამის შესახებ მედიას შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ბენჟამინ დუსამ განუცხადა.

„საქართველოში განვითარებული მოვლენები უკვე დიდი ხანია, შემაშფოთებელია. გასულ უქმეებზე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები ამას კიდევ უფრო ამძაფრებს“, – აცხადებს ბენჟამინ დუსა ადგილობრივ მედიასთან.

შვედი დიპლომატის თქმით, „ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული როლის შესრულებაში ხელის შეშლის მცდელობები, მათ შორის შემზღუდველი კანონმდებლობის მეშვეობით, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს“.

„შესაბამისად, მთავრობა აჩერებს შვედურ-ქართულ სამთავრობო უწყებებს შორის მიმდინარე პირდაპირ თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს საგადასახადო სამსახურთან“, – აცხადებს შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ბენჟამინ დუსა.

დუსას განცხადებით, თანამშრომლობა შესაძლოა, განახლდეს მომავალში, თუ საქართველო კვლავ დაუახლოვდება ევროკავშირს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შვედეთის დახმარება საქართველოსთვის წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ კრონს შეადგენს. მათივე ცნობით, მიმდინარე წელს 25 მილიონი კრონი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადანაწილდა.