უმოკლეს დროში დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე – თინა ბოკუჩავა

მოხდა სწორედ ის, რასაც ვპროგნოზირებდით მრავალი თვის მანძილზე და მთელი დღის განმავლობაში. მიუხედავად ბიულეტენების ჩაყრისა, ძალადობისა, გაიმარჯვა ევროპამ. დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა „ქართული ოცნებამ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დამარცხდა, რაც ეგზიტპოლებში გამოჩნდა.

„ივანიშვილის დრო დასრულდა და ეს ჩვენ ვნახეთ იმ ეგზიტპოლებში, რომელიც გამოქვეყნდა. ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე. ჩვენ ამ ნდობას, რომელიც მივიღეთ, ვეპყრობით ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, შესაბამისად, უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად შეიყვანს ევროკავშირში“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ ეგზიტპოლების მონაცემებით, (18:00 საათის მდგომარეობით) პარტიული რეიტინგები საპარლამენტო არჩევნებში ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6% „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 7.0% „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%. „გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეგზიტპოლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 42% აქვს;  კოალიცია ცვლილებისთვის 18%; „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 13%; „ძლიერი საქართველო“ – 9%; „გახარია – საქართველოსთვის“  8%.