მარნეულის 69-ე უბანზე ოპოზიცია, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ იგებდა ამიტომ, ასე დემონსტრაციულად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სისხლის სამართლის დანაშაული იმ მიზნით ჩაიდინა, რომ ამ უბნის გაუქმება მომხდარიყო – უნდა მოხდეს ამ ადამიანის დაკავება, მაგრამ ამის ნაცვლად, თავისუფლად დადის და ცდილობს სხვა უბნებზე გავლენა მოახდინოს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მარნეულში განაცხადა.
მისი თქმით, იქ, სადაც ოპოზიცია იგებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მიდიან, იმისთვის, რომ შემდეგ აღნიშნული უბნები გაუქმდეს.
როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ სულ რამდენიმე საათში ოპოზიციაში გადანაცვლება მოუწევთ.
„მარნეულში, 69-ე უბანზე საერთოდ გაუქმებულია შედეგები, დახურულია უბანი. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ იქ იგებდა ოპოზიცია და კონკრეტულად „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“. ეს ძალიან კარგად იცოდნენ და ამ ტენდენციას ვხედავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. იქ, სადაც ოპოზიცია იგებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მიდიან, იმისთვის, რომ შემდეგ გაუქმდეს აღნიშნული უბნები.
რა თქმა უნდა, ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ ძალიან კარგად ხედავს, რომ ამ არჩევნებში მარცხდება და მიმართავს ძალადობას, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც უპირატესობა აქვს ოპოზიციას.
„ქართული ოცნება“ მთელი საქართველოს საარჩევნო შედეგებს ვერ გააუქმებს და ვერ გააუქმებს იმ გამარჯვებას, რომელიც იქნება დიდი ეროვნული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ სულ რამდენიმე საათში მოუწევთ გადაინაცვლონ ოპოზიციაში,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები მარნეულის 69-ე უბნიდან, სადაც ჩანს, როგორ ყრის მამაკაცი მასობრივად ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პირი, რომელიც კადრებში ჩანს, მათი პარტიის წევრია და ის საკრებულოს დეპუტატია.