ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს მეტი პატივისცემა განვითარებადი ქვეყნების მიმართ, რომლებთანაც ორგანიზაციას ხელმოწერილი აქვს სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ „ბრიქსის“ სამიტზე არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს დანარჩენი მსოფლიოსთვის ჭკუის სწავლება. მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს მეტი პატივისცემა განვითარებადი ქვეყნების მიმართ, რომლებთანაც ორგანიზაციას ხელმოწერილი აქვს სტრატეგიული, სავაჭრო ან პოლიტიკური თანამშრომლობის შეთანხმებები, თუკი მას სურს, ებრძოლოს ჩინეთისა და რუსეთის ძალისხმევას, გააფართოონ თავიანთი გავლენა აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვიცით, რა არის სწორი და რა არის არასწორი. ჩვენ არ მივმართავთ ძალისხმევას, რომ, სულ მცირე, გავიგოთ, რა მიზეზების გამო [სხვა ქვეყნები] ფიქრობენ სხვაგვარად. ევროპულ დონეზე არსებობს რეფლექსი, რომელიც ახლოსაა ლექციის ფორმასთან. ჩვენ ყოველთვის არ ვართ ძალიან კარგები კომუნიკაციის, განმარტების, მათთან საუბრისა და მათდამი გარკვეული პატივისცემის გამოხატვის თვალსაზრისით“, – აღნიშნა მიშელმა.
რუსეთის ქალაქ ყაზანში 22-24 ოქტომბერს გამართულ „ბრიქსის“ სამიტზე 20-ზე მეტი ლიდერი მონაწილეობდა, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისა და ნატო-ს წევრი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ასევე ევროკავშირის ისეთი პარტნიორები, როგორებიცაა ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
„ეს რაღაცას ნიშნავს, თუ ისეთი ქვეყანა, როგორიც ეგვიპტეა, რომელსაც ძალიან ახლო ურთიერთობები აქვს ჩვენთან და აშშ-თან სამხედრო თვალსაზრისით, როდესაც ისეთი ქვეყანა, როგორიც საამიროებია, რომელსაც ჩვენთან ძალიან ახლო ურთიერთობები აქვს ეკონომიკური პარტნიორობის თვალსაზრისით, აკეთებს არჩევანს, იყოს ყაზანში, მათ სურთ გაუგზავნონ გზავნილი დანარჩენ მსოფლიოს. სპარსეთის ყურის ქვეყნების ერთ-ერთმა ემირმა ერთხელ მითხრა, რომ თუ არსებობს ვაკუუმი, ძალიან მალე ამ ვაკუუმს ვიღაც შეავსებს. და თუ თქვენ იქ არ ხართ, იქ სხვები იქნებიან“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს მოქმედმა პრეზიდენტმა.
მიშელმა, რომელიც 30 ნოემბერს დატოვებს თავის პოსტს, განაცხადა, რომ ბრიუსელი უნდა ამაყობდეს განვითარების მიზნით გაწეული დახმარებისა და ძირითადი ღირებულებების დაცვის კუთხით მიღწეული შედეგებით.
„ჩვენ სწორად ვიქცევით, რომ ვართ აქტიურები, მხარს ვუჭერთ მრავალ ქვეყანას მთელ მსოფლიოში განვითარების, ჰუმანიტარული დახმარების კუთხით. ჩვენ კარგები ვართ საშუალებების, თანხების მობილიზებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
შარლ მიშელის თქმით, ამ ქვეყნებიდან ბევრს სურს თავიანთი ეკონომიკური და უსაფრთხოების ალიანსების დივერსიფიკაცია, ჩინეთსა და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება, თუმცა ევროკავშირს სჭირდება ახალი მიდგომა მათ მისაზიდად. მან გაიხსენა 2022 წელს აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა, რომელმაც თქვა: „როდესაც თქვენ, ევროპელები, მოდიხართ ჩემს ქვეყანაში… თქვენ ტოვებთ გაკვეთილებს. როდესაც ჩინელები მოდიან, ისინი ტოვებენ ინფრასტრუქტურას“.
„მე არ ვამბობ, რომ ისინი მართლები არიან ან არ არიან მართლები. მე უბრალოდ ვხსნი, რომ ჩვენ არ მივმართავთ ძალისხმევას, რომ გავიგოთ“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, მიშელმა და აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომა არ უწყობს ხელს ამ ქვეყნების დარწმუნებასა და მათზე გავლენის მოხდენას.
„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, ამ თვეში ევროკავშირმა გადადო სადამსჯელო ანტი ტყის გაჩეხვის კანონი, რომელიც აკრძალავდა განვითარებადი მსოფლიოდან ათეულობით მილიარდი ევროს ღირებულების იმპორტს. ბრაზილიის, ინდონეზიის და აშშ-ის მხრიდან უკმაყოფილების შემდეგ ბრიუსელმა გადაწყვიტა ერთი წლით, 2025 წლის დეკემბრამდე გადაედო მისი შემოღება.
შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირის მიდგომა სავაჭრო პარტნიორებისთვის თავისი სტანდარტებისა და რეგულაციების დაწესების კუთხით, მაგალითად, თევზჭერის წესებთან დაკავშირებით, ხშირად დამამცირებელია. მიშელის განმარტებით, სტანდარტების დარღვევებზე საუბრისას ევროკავშირი იყენებს სიტყვებს – „ყვითელი ბარათი“ ან „წითელი ბარათი“.
„სიტყვები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, ნამდვილად დამამცირებელია, რადგან ჩვენ ვქმნით შთაბეჭდილებას, რომ ვართ მოედანზე ერთდროულად მოთამაშეც და მსაჯიც“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.
ავტორი – ქეთი ჩოხელი