შალვა პაპუაშვილმა განმარტა რა მოლოდინები აქვს „ქართული ოცნების“ დასკვნითი საარჩევნო ღონისძიებისგან, რომელიც 23 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ისაუბრა.
„აგვისტოდან მოყოლებული შემოვიარეთ ყველა რეგიონი და ვნახეთ, რომ ათობით ათასი ადამიანი მოდიოდა იმ შეხვედრებზე. ვნახეთ განწყობა, მუხტი, ჩვენი ხალხის ემოცია, დამოკიდებულება და სად არის მათი არჩევანი. როგორ შეიძლება სხვა არჩევანი იყოს? როდესაც დგას არჩევანი ქართულ ღირებულებებს, ქართულ ეკლესიას და მეორე მხარეს უღმერთობას, ძალადობას და ბულინგს. ეს ხომ არ არის უბრალოდ რაღაც შემთხვევები? ეს ხომ იდეოლოგიის ნაწილია. ამ ხალხს ერთი გრამი ძალაუფლება რომ მისცე… სხვა რამეს კი არ აკეთებდნენ 2012 წლამდე. ზუსტად იგივეს გააკეთებენ, ოღონდ ახლა უფრო მეტი საშუალება ექნებათ. ადრე არ იყო ზეწოლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც შეიძლება დღეს იყოს მედიის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით. ადამიანს გააქრობენ საერთოდ, ამათ ერთი გრამი ხელისუფლება რომ მისცე.
ამიტომ, ეს არჩევანი რომ აქვს ქართველ ხალხს, როგორ შეიძლება მცდარი არჩევანი გააკეთოს? არჩევანი არის იმაში, რომ გყავდეს ხელისუფლება, რომელიც შენს ინტერესებს ატარებს, თუ გყავდეს მარიონეტული რეჟიმი? სინამდვილეში ოპოზიცია დღეს გვთავაზობს, რომ ის იქნება ოპოზიციის მარიონეტი. ქალბატონი სალომეს მიერ შედგენილ ფურცლებს რომ აფრიალებენ, იმ ფურცლებით ჩვენ ხომ ბანანის რესპუბლიკად გვაცხადებენ. იქ პირდაპირ წერია, რომ აქ უნდა გვყავდეს მარიონეტული რეჟიმი, რომელიც უცხოელი ბიუროკრატების პირდაპირ მითითებებს შეასრულებს.
ამიტომ ხვალ ზუსტად ამ განწყობის გარკვეულ კრებულს ველით – რაც რეგიონებში ვნახეთ, თავს მოიყრის ხვალინდელ შეხვედრაზე დედაქალაქში და ეს იქნება ქართული ინტერესების, ქართული პოლიტიკის, ქართული ღირებულებების გამარჯვებისთვის მზადების დიდი ზეიმი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.