საჯარო მოხელეები დღეს ძალიან დიდი პრესის ქვეშ არიან. ხვალ ვნახავთ მათ ავტობუსებს და ყველა ფორმით წამოყვანილ ადამიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ ხვალ თბილისში დაგეგმილი წინასაარჩევნო შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს ახალი არ არის, რადგან მისი თქმით, ეს ფორმები წინა რეჟიმებმაც გამოიყენეს.
„საჯარო მოხელეეები დღეს ძალიან დიდი პრესის ქვეშ არიან. ხვალ ვნახავთ მათ ავტობუსებს და ყველა ფორმით წამოყვანილ ადამიანებს. ამისთვის მზად ვართ. ვიცით უკვე, როგორ არის ეს ორგანიზებული. ახალი არ არის, რადგან წინა რეჟიმებმაც გამოიყენეს ეს ფორმები, მაგრამ დროა, საჯარო მოხელეებს თავი დავანებოთ, თავიანთი საქმე გააკეთონ და გრძნობდნენ, რომ დაცული არიან. მე სადამდეც ვიქნები და სადაც ვიქნები, ჩავთვლი, რომ ეს არის ჩემი მოვალეობა. როგორც პრეზიდენტის პირდაპირ ჩემი მფარველობის ქვეშ არის პირველ რიგში, ჯარი, პოლიცია და ასევე საჯარო მოხელეები. ბოლოს და ბოლოს, მეც წარსულში ვიყავი საჯარო მოხელე, ვიცი, ეს რას ნიშნავს და რამდენია მათზე დამოკიდებული, რათა ქვეყანა სწორედ სტაბილური იყოს, ის ადმინისტრაციული მეხსიერება იყოს დაცული, რომელიც ქმნის სახელმწიფოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.