ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამერიკელი კონგრესმენი ჯერი კონოლი მიიჩნევს, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების შესახებ საუბარი კიევის მიერ საკუთარ ტერიტორიებზე სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ უნდა დაიწყოს. ამ თემაზე მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
მისივე თქმით, უკრაინა ნატოში გაწევრიანების შესახებ მიწვევას ახლავე არ იღებს, იმიტომ რომ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს.
„ვფიქრობ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ, უნდა აღვადგინოთ უკრაინის სუვერენიტეტი მის ტერიტორიებზე, შემდეგ კი დავრწმუნდეთ, რომ ნატოში გზა გახსნილია“, – განაცხადა კონოლიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის გასაგებია უკრაინელების მხრიდან გარკვეული მოუთმენლობა.
„თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე რა თქმა უნდა რთული და ტრაგიკული ვითარებაა. ვგულისხმობ იქ რუსეთის ჯარის ყოფნას და რუსულ ოკუპაციას. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს“, – აღნიშნა კონგრესმენმა და დასძინა, რომ საუკეთესო ვარიანტად ნატოში მთლიანი უკრაინის გაწევრიანება მიაჩნია, და არა მისი რომელიმე ნაწილის.