რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცდება, ქვეყანაში დაძაბულობა, დაპირისპირება, არეულობა შემოიტანოს, თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგანან და ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შესაძლო გავრცელების თაობაზე სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა.
კალაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რაც „რადიკალურ ოპოზიციას“ არ აწყობს.
„ხედავთ, არჩევნები როგორ ვითარებაში მიმდინარეობს. ეუთო/ოდირის დასკვნაც ვიხილეთ. რა თქმა უნდა, მისასალმებელია გარემოება, რაც ქვეყანაში გვაქვს და როგორი საარჩევნო კამპანიაც მიმდინარეობს – მშვიდი, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს ეს ყველაფერი.
რა თქმა უნდა, ეს მოცემულობა რადიკალურ ოპოზიციას არ აწყობს. მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ ქვეყანაში დაძაბულობა, დაპირისპირება, არეულობა შემოიტანონ. თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგანან. ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს, ადამიანებს კამპანიის მშვიდ ვითარებაში ჩატარების შესაძლებლობა და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს სწორ არჩევანს და ეს იქნება ის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე და ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას“.
სუს-ის ცნობით, „აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“.