დღეს სასამართლო სოსო გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.

პროკურატურამ სასამართლის ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

გოგაშვილს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის-ფაქტებზე წარუდგინეს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს.

გოგაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ფიქრობს, რომ ეს უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებია. დაცვის მხარე გეგმავს, რომ, აღკვეთის ღონისძიებად, გირაო მოითხოვონ. 

სოსო გოგაშვილის შვილი მამის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.