მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ ოპოზიცია საქართველოს კონფლიქტში ჩაითრევს, პრაქტიკულად ყველა გამოკითხულის აზრით, მძლავრი გზავნილია.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებული ანგარიში მაკკეინის ინსტიტუტის ვებგვერდზე 17 სექტემბერს გამოქვეყნდა.
ანგარიშის თანახმად, ეს დოკუმენტი ეფუძნება „საქართველოს მეგობრების“ მისიას თბილისში, რომელიც 2-8 სექტემბერს შედგა.
„„ქართულ ოცნებას“ აქვს რამდენიმე საარჩევნო ტაქტიკა და ნარატივი, რომელთაგან ბევრი მხარდაჭერილია ან გაძლიერებულია რუსეთის მიერ. უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნება“ არჩევნებს წარმოადგენს როგორც არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის. ისინი ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია (რომელსაც ისინი აღნიშნავენ როგორც „კოლექტიური ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) საქართვლოს კონფლიქტში ჩაითრევს. შიშზე დაფუძნებული ეს გზავნილი, პრაქტიკულად ყველა გამოკითხულის აზრით, მძლავრია. რამდენიმე სამოქალაქო ლიდერმა განმარტა, რომ ქართველები მართებულად იყვნენ შეშფოთებული კონფლიქტით, რადგან მათ დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიები არ უნახავთ“, – ნათქვამია ანგარიშში.
როგორც ამავე ანგარიშშია ნათქვამი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია ასევე ცდილობს, გაყიდოს გზავნილი, რომ პარტია კვლავ პროევროპულია, „ევროკავშირის მიმართ პარტიის მხრიდან კრიტიკული და შეურაცხმყოფელი რიტორიკისა და კანდიდატობის სტატუსისთვის გათვალისწინებული რეფორმების გაგრძელებაზე უარის თქმით მიუხედავად.“ დოკუმენტის თანახმად, ამის ნაწილია მათ ბილბორდებზე ევროკავშირის დროშის გამოსახულებები.
„„ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ მათ შეუძლიათ, ევროკავშირში „საკუთარი პირობებით“ და „ღირსებით“ შესვლა, რაშიც გულისხმობენ, რომ მათ შეუძლიათ, გვერდი აუარონ ევროკავშირის მოთხოვნებს და გაიტანონ ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. „ქართული ოცნების“ ლიდერები მიუთითებენ, რომ ევროკავშირში არიან სხვა არალიბერალი წევრები და საქართველოს შეუძლია, უნგრეთის რიგს შეუერთდეს. ამიტომ, ევროკავშირის ზომების დაკმაყოფილების ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ატარებს „ტრადიციული ღირებულებების“ მხარდამჭერ კამპანიას, იღებს ანტი-LGBTQ კანონმდებლობას, რომელიც არამხოლოდ შეზღუდავს უფლებებს, არამედ შეზღუდავს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას და წარადგენს ზომებს, რაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიას სახელმწიფო რელიგიად განსაზღვრავს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა, ეს არჩევნები არის არჩევანი „ომსა და მშვიდობას“, „მონობას და დამოუკიდებლობას“ და „მორალურ დეგრადაციასა და ქრისტიანულ ღირებულებებს“ შორის“, – ნათქვამია ლორა თორნტონის ანგარიშში.