ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ არის ვლადიმერ პუტინი ნამდვილი გამარჯვებული ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში“ (ავტორი – ჯეიმს კრისპი, ევროპის ამბების რედაქტორი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
გახსოვთ, ალბათ, ცნობილი ფოტოსურათი, რომელზეც ასახულია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის კარინ კნაისლის ქორწილი: მასთან ერთად ვარსკვლაველი სტუმარი – რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცეკვავს, მომღიმარი სახით. ეს იყო 2018 წელს – ოთხი წლით ადრე, სანამ მოსკოვის ჯარები უკრაინაში შეიჭრებოდნენ. კარინ კნაისლი კი დიდი ხანია ავსტრიის მთავარი დიპლომატი აღარ არის, იგი ამჟამად რუსეთში ცხოვრობს, რიაზანის ოლქში და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.
თავის დროზე, კანცლერ სებასტიან კურცის მთავრობაში კარინ კნაისლი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ავსტრიის თავისუფლების პარტიამ (Freiheitliche Partei Österreichs – FPÖ) წარადგინა, რომელმაც 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგლი დაიკავა.
კვირას, 29 სექტემბერს გამართულ საყოველთაო არჩევნებში კი თავისუფლების პარტიამ პირველად მოიპოვა გამარჯვება საყოველთაო არჩევნების შედეგად. მისი ამჟამინდელი ლიდერი ჰერბერტ კიკლი ტრიუმფით ტკბება, მაგრამ ნამდვილი გამარჯვებული იცით ვინ არის? რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
სხვათა შორის, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს ის ფაქტი, რომ ავსტრიელ თავისუფლების მოყვარულებს „მეგობრობის პაქტი“ აქვთ დადებული რუსეთის მმართველ პარტია „ედინაია როსიასთან“. როცა ვოლოდიმირ ზელენსკი გასული წლის მარტში ავსტრიის პარლამენტში სიტყვით გამოდიოდა, თავისუფლების პარტიის დეპუტატები, პროტესტის ნიშნად, დარბაზიდან გავიდნენ. რობერტ კიკლის განცხადებით, უკრაინის ლიდერის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა ავსტრიის ნეიტრალიტეტის დარღვევას წარმოადგენდა, თუმცა რაც არ უნდა ეთქვათ თავისუფლების პარტიის დეპუტატებს, „ყველამ იცოდა, ვინ არის კინკლი“ – იგი მუდმივად რუსეთის მხარდამჭერია.
რატომ არ შევიდა ავსტრია ნატოში
მსოფლიო ომებს შორის ვენასა და მოსკოვს შორის ურთიერთობა ისტორიულად ხშირად უფრო მჭიდრო იყო, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებთან. ავსტრიის მიერ მუდმივი ნეიტრალიტეტის დაცვა საბჭოთა კავშირის მიერ დათქმული პირობა იყო, როცა წითელი არმიის ნაწილები 1955 წელს ქვეყნის ტერიტორიიდან გავიდნენ.
სწორედ ამ მიზეზით ვერ გახდა ავსტრია ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი. ნეიტრალიტეტი პოპულარული რჩება მას შემდეგაც კი, როცა შვედეთმა და ფინეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამ სტატუსზე უარი განაცხადეს და ნატოში გაწევრდნენ.
ავსტრია – მომავალი რუსეთუმე?
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრია ევროკავშირის წევრია, ვენა კიევს იარაღს არ აწვდის, თუმცა ფინანსურად ეხმარება და ევროკავშირის მიერ კრემლის წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციებს იცავს. ავსტრიამ თავის ტერიტორიაზე მიიღო თითქმის 80 ათასი უკრაინელი ლტოლვილიც. მაგრამ თავისუფლების პარტიის გამარჯვების შემდეგ ეს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური დახმარებაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება… FPÖ-ელები უკვე მკაცრად აკრიტიკებენ წამსვლელ მთავრობას და მას „ნეიტრალიტეტის პოლიტიკის დამრღვევს“ უწოდებენ, რომ ანტირუსულ სანქციებს მხარი დაუჭირა. თუ ჰერბერტ კიკლი ქვეყნის მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებს, აშკარაა, რომ ავსტრია ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს ან შეარბილებს, ან საერთოდ აღარ დაიცავს.
ევროკავშირმა რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დამატებითი პაკეტი მიიღოს, ამისათვის ყველა 27 წევრის თანხმობაა საჭირო. ავსტრია, რომლის მთავრობაში FPÖ-ელები იქნებია, ახალ სანქციებს უეჭველად დაბლოკავს. ასევე ვერ იქნება მიღებული კრემლის წინააღმდეგ სხვა გადაწყვეტილებებიც – ვენის ობსტრუქციული პოზიციის გამო.
მოსალოდნელია, რომ თავისუფლების პარტია მთავრობას მემარჯვენე ცენტრისტულ პარტიასთან კოალიციაში ჩამოაყალიბებს. ამგვარი რამ ადრეც მომხდარა, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ თუ ადრე FPÖ-ელები სხვა პარტიებისთვის უმცროს პარტნიორებად გამოდიოდნენ, ახლა მისი უმცროსი პარტნიორები სხვა პარტიები იქნებიან, ანუ სიტუაციის ბატონ-პატრონები FPÖ-ელები იქნებიან. ზოგიერთები წინასწარმეტყველებენ, რომ კოალიციური მოლაპარაკებების დროს შეიძლება თავისუფლების პარტიამ გარკვეულ საკითხებში უკან დაიხიოს და კომპრომისებზე დათანხმდეს, მაგრამ ფერბერტ კიკლი არანაირად არ დათმობს თავის პოზიციას იმიგრაციის შეზღუდვასა და, ალბათ, უკრაინის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაში.
აღსანიშნავია, რომ ამას წინათ ულტრამემარჯვენეთა წარმატებამ საფრანგეთში, გერმანიაში და ნიდერლანდებში, რიგ ცვლილებებთან ერთად, მიგრაციული ზომების გამკაცრებაც გამოიწვია.
ულტრამემარჯვენეები ევროპულ მეინსტრიმში
ულტრამემარჯვენეები უკვე მყარად შევიდნენ ევროპულ მეინსტრიმში (გაბატონებულ პოლიტიკურ ტენდენციაში). ამჟამად ისინი მასობრივ მსვლელობებს აწყობენ.
თუმცა ავსტრიელ ჰერბერტ კიკლსა და მის ფრანგ მეგობარს მარინ ლე პენს, ან ნიდერლანდელ ხერტ ვილდერსს შორის ისაა, რომ ფრანგი და ნიდერლანდელი შეეცადნენ ვლადიმერ პუტინისაგან თავი შორს დაეჭირათ, ავსტრიელებს (და გერმანელებსაც, მაგალითად, პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ წევრებს), ამგვარი რამ არ გაუკეთებიათ, ანუ ისინი კრემლის ერთგულები არიან.
მარინ ლე პენი აქტიურად იღწვოდა, რომ თავისი პარტიისათვის ტოქსიკურობის ნიშნები ჩამოეცილებინა, ავსტრიელ FPÖ-ელები კი მსგავს კომპრომისებზე არ წასულან. ისინი ისევ გამოდიან მიგრანტების წინააღმდეგ, აგრძელებენ ომს „პოლიტიკურ ისლამთან“, სურთ ტრანგენდერობის აკრძალვა და ჯარიმების შემოღება.
ავსტრიის თავისუფლების პარტიის წარმატება, ალბათ, ხელს შეუწყობს მსგავს პროპუტინურ პარტიებს პოლიტიკური ჩრდილიდან გამოვიდნენ და უფრო აქტიურად გააგრძელონ ანტინატოური მოწოდებები და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებების მოთხოვნები.
ვიქტორი, ჰერბერტი, რობერტი და ანდრეი
ავსტრიას თვითონ მაინცდამაინც დიდი გავლენა არ აქვს, რომ ევროკავშირის პროუკრაინულ პოლიტიკაზე ზეწოლა მოახდინოს, მაგრამ თუ ჰერბერტ კიკლი ქვეყნის კანცლერი გახდება, მას, რა თქმა უნდა, ევროპის საბჭოში დიდი სიხარულით შეხვდება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ევროკავშირის ანტირუსული სანქციების წინააღმდეგ გამოდის, ვლადიმერ პუტინს ხელისჩამორთმევით ხვდება და ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ხიწვის როლს ასრულებს. ვიქტორ ორბანს ავსტრიელი FPÖ-ელების წარმატება ძალიან გაეხარდა და იმედი აქვს, რომ ავსტრიელი ჰერბერტ კიკლი, სლოვაკ პრემიერ რობერტ ფიცოსთან ერთად, ანტიუკრაინული ბლოკს გააძლიერებს.
არის იმის ნიშნები, რომ ჩეხეთის ხელისუფლებაში გაისად შეიძლება ვლადიმერ პუტინის კიდევ ერთი აპოლოგეტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიჩი დაბრუნდეს – მისმა პარტიამ ამ კვირაში ქვეყნის სენატის არჩევნებში გაიმარჯვა.
ოთხივეს სურს რუსეთთან დამოკიდებულების გაუმჯობესება, უარს აცხადებენ უკრაინისათვის იარაღის მიწოდებაზე და მოუწოდებენ რუსეთისათვის სასარგებლო სამშვიდობო მოლაპარაკების დაუყონებლივ დაწყებისაკენ.
ევროკავშირისათვის უნგრეთი დიდი ხანია სუსტ ადგილს წარმოადგენს, მაგრამ უკრაინის ომის გაჭიანურებისა და ევროპელთა ცხოვრების დონის გაუარესების კვალობაზე, ბრიუსელის პოლიტიკით გამოწვეული უკმაყოფილება სულ უფრო მეტად ვრცელდება ცენტრალურ და აღმოსავლეთევროპულ სახელმწიფოებშიც.