„ტურიზმი და მშვიდობა“ – საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ღონისძიება პირველად იმართება.
საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი.
„მსოფლიო ტურიზმის დღეს ყოველ 27 სექტემბერს ვზეიმობთ. ძალიან მიხარია, რომ ეს ღონისძიება წელს საქართველოში ტარდება. ყოველწლიურად ეს ღონისძიება სხვადასხვა რეგიონში ტარდება, წელს ევროპის ჯერი იყო. აქედან გამომდინარე, გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩატარებულიყო საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი მოვლენაა, აქ არიან 40 ქვეყნის წარმომადგენლები და მინისტრები, რომლებიც ესწრებიან ამ ღონისძიებას. როგორც წესი, ასე პომპეზურად ეს ღონისძიება არ აღინიშნებოდა და ძალიან მოხარული ვარ, რომ სტუმრები ჩამობრძანდნენ და გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის პოტენციალს. ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი გვყავს კერძო სექტორიდან და ვფიქრობ, ეს დღეები ემსახურება იმას, რომ უფრო მეტი დაინტერესება იყოს საქართველოს და ქართული ტურიზმის მიმართ. პრესის ბევრი წარმომადგენელია, ვფიქრობ, საერთაშორისო გაშუქება ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი ტურისტების ჩამოსვლას საქართველოში“, – აცხადებს ზურამ პოლოლიკაშვილი.
როგორც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი აცხადებს, ტურიზმის დღის თემატიკა გენერალურმა ასამბლეამ შეარჩია.
„საერთოდ თემა ყოველწლიურად მტკიცდება გენერალური ასამბლეის მიერ. წელს შერჩეული იყო „ტურიზმი და მშვიდობა“ და ვფიქრობ, ძალიან აქტუალურია დღევანდელ დღეს ეს თემა. ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი ხვალინდელი დღის იქნება, მშვიდობა, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი რეგიონისთვის, ნებისმიერი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, ტურიზმისთვის. ტურიზმი და მშვიდობა განუყოფელი ნაწილია და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი აქ ხდება“, – აცხადებს ზურაბ პოლიკაშვილი.
„მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები.
მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში 27 სექტემბერს გაიმართება სადისკუსიო განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.
საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას საერთაშორისო არენაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.