ნაცვლად იმისა, რომ კონგრესში ახლა ქართველი ხალხის და საქართველოს გასამართლება მიდიოდეს, უმჯობესი იქნებოდა, გამოიძიონ, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის სახელმწიფო უწყებებს და წარმომადგენლებს 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ახლა ეკა გიგაური აპირებს, კონგრესში საქართველოს წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.
„ჩემი მოლოდინი არის, რომ მოვა მომენტი და კონგრესი, საბოლოო ჯამში, გამოიძიებს, 2020 წელს აშშ-ის სახელმწიფო უწყებებს რა როლი ჰქონდათ პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში. ეს არის საკითხი, რომელსაც დღემდე დამაჯერებელი პასუხი არ აქვს გაცემულ აშშ-ისგან. ამ შედეგების გავრცელებამ მაშინ ლამის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე მიგვიყვანა, იყო საბაბი არეულობისა და ძალადობისთვის ოპოზიციის მხრიდან. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ამერიკის კონგრესს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ გამოიძიოს, რა როლი ჰქონდა აშშ-ის განვითარების სააგენტოს ამ ცრუ ნარატივების გავრცელებაში. დღეს ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ USAID-ის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და ამას გვიმალავდნენ პირად შეხვედრებზეც. ეს იმ ფონზე, როცა ოპოზიცია კარს უმტვრევდა ხან ცესკო-ს და ხან რომელ დაწესებულებას. ჩვენ ასეთი პროცესი უკვე ვიხილეთ, როცა „სოროსის ფონდის“ ერთი წარმომადგენელი იქ ჩვენებას აძლევდა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, ახლა ქალბატონი ეკა გიგაური აპირებს, ჩვენება მისცეს საქართველოს წინააღმდეგ. ნაცვლად იმისა, რომ კონგრესში ახლა ქართველი ხალხის და საქართველოს გასამართლება მიდიოდეს, უმჯობესი იქნებოდა, გამოიძიონ, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის სახელმწიფო უწყებებს და წარმომადგენლებს 2020 წლის პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
დღეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება, სადაც ეკა გიგაური მოხსენებით წარდგება.