ბევრი იბრალებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს, თუმცა ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, ჩართულები არიან პოლიტიკაში თავისი განცხადებებით, ქმედებებით, მოწოდებებით, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, როგორი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების როლი სადამკვირვებლო პროცესში.
„არასამთავრობო ორგანიზაციებს რაც შეეხება, ბევრი იბრალებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს, თუმცა ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, ჩართული არიან პოლიტიკაში თავისი განცხადებებით, ქმედებებით, მოწოდებებით და ასე შემდეგ. შესაბამისად, ვერანაირი ბენეფიტის მომტანი ვერ იქნება მათი ჩართულობა, რადგან ძირითადად ამ კონკრეტულ არასამთავრობოებს შეადგენენ იმ რადიკალური პოლიტიკური პარტიების, დაჯგუფებების წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილია. ის რას უნდა დააკვირდეს? პირიქით, ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან სიტუაციის გამწვავებას, ექნებათ დაპირისპირების და პროვოკაციების მოწყობის მცდელობა. ეს ხომ ახალი არ არის ჩვენთვის? გამოვლილი და ნანახავი გვაქვს. აგერ, პარალელური დათვლების შედეგები გააყალბეს, რომელიც USAID-ის დაფინანსებით ხორციელდებოდა. რომ არ გვენახა ეს გაყალბებული მონაცემები, ამაზე არავინ არაფერს ამბობდა. პირიქით, გვეუბნებოდნენ, რომ არჩევნები გააყალბეთო, რათა ქვეყანაში დაპირისპირება და რევოლუცია მოეწყოთ. ეს საფრთხეები დღესაც არსებობს და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, აღნიშნული ორგანიზაციების განცხადებები მოახდენს თუ არა გავლენას საერთაშორისო შეფასებებზე, კალაძემ განაცხადა:
„მათ განცხადებებს ჩემთვის ჩალის ფასი აქვს. როგორ შეიძლება, კოლექტიური გიგაურ-ლომჯარიების განცხადებები იყოს ფასეული? ადამიანები იძახიან, არასამთავრობო სექტორი ვართო და მიტინგებს აწყობდნენ, პირდაპირ პოლიტიკური განცხადებებით გამოდიოდნენ, ხელისუფლება უნდა გადადგეს და ჩვენ უნდა ავიღოთ მმართველობაო. ეს ხომ წარმოუდგენელია“, – აცხადებს კახა კალაძე.