ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” სავარაუდოდ, კიდევ ერთ საპარლამენტო მანდატს კარგავს. პარლამენტის დღის წესრიგში დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დგას, რასაც თავის მხრივ, ვარშალომიძის მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა იწვევს.
საკითხს 14 ივლისის სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის განიხილავს და დასკვნას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარადგენს.
აღსანიშნავია, რომ ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის, მათ შორის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიები გაუქმებულია. ოპოზიცია კი ჯამში პარლამენტში 6 მანდატს კარგავს.
ცნობისთვის, პარლამენტში ადგილმაცვლეები არ ჰყავთ ნიკა მელიას, ზაალ უდუმაშვილს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას. შესაბამისად, მათი მანდატები გაუქმდა. ანალოგიურად მოხდება ვარშალომიძის შემთხვევაშიც.