“ვოლოდიმირ ზელენსკის პოპულარობა ეცემა, ამიტომ პრეზიდენტი, მთავრობის ახალი კაბინეტის ჩამოყალიბების გზით, ხელისუფლების კონცენტრირებას ცდილობს”-The Economist

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) უკრაინის მთავრობაში მიმდინარე საკადრო გადაადგილებებს ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას სათაურით – „ვოლოდიმირ ზელენსკის პოპულარობა ეცემა, ამიტომ პრეზიდენტი, მთავრობის ახალი კაბინეტის ჩამოყალიბების გზით, ხელისუფლების კონცენტრირებას ცდილობს“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინის პარლამენტს სპეციალური სხდომის ჩატარება მოუხდა მინისტრთა მოულოდნელი გადადგომების განსახილველად. ეს იყო ომის პირობებში ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ჩაფიქრებული და რეალიზებული მცირე შოუ, რომ იგი მსოფლიო პრესის სათაურებში მოხვედრილიყო. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი პარტიის წევრებმაც კი ფაქტობრივად სასაცილოდ აიგდეს: ზოგიერთი მინისტრის მიმართ ნდობის ვოტუმი დადასტურდა, პარლამენტმა მათი გადადგომა არ დაამტკიცა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს, აღმასრულებელი ხელისუფლება კი დისფუნქციას განიცდის.

იმ მინისტრებს შორის, რომლებიც გადადგომის დადასტურებას ელოდნენ, მძიმეწონიანებიც იყვნენ.: ორი ვიცე-პრემიერი – ირინა ვერეშუკი და ოლღა სტეფანიშინა, იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა. უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების მინისტრი ალექსანდრე კამიშინი – ქარიზმატული პიროვნება, რომელსაც გრძელი თმები უკან, კუდის სახით აქვს შეკრული. გარემოს დაცვის მინისტრი რუსლან სტრილეცი და სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი ვიტალი კოვალი… და ყველაზე ცნობილი წამსვლელებიდან – დიმიტრი კულება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეკავა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი.

განმარტა რა საკადრო გადაადგილებების მიზეზები, პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყანას „ახალი სტრუქტურა ჭირდება“. რასაკვირველია, იგი ამჩნევდა იმას, თუ როგორ ეცემოდა როგორც პირადად პრეზიდენტის, ასევე მისი მთავრობის პოპულარობა, რაც ბოლო თვეებში ჩატარებულ საზოგადოებრივ გამოკითხვებშიც ფიქსირდებოდა. იმდენად, რამდენადაც ომის დროს არჩევნები გაუქმებულია, ეს იყო ერთადერთი ბერკეტი, რომელიც პრეზიდენტს შეეძლო გამოეყენებინა აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების შესაცვლელად.
რაც შეეხება კონკრეტულად პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შექმნილ ურთიერთობას: დაძაბულობა ვოლოდიმირ ზელენსკისა და დმიტრო კულებას შორის 2022 წლიდან შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც მატულობდა. რუსეთთან ომის დაწყებამდე ორი მამაკაცის კარიერა გვერდი-გვერდ ვითარდებოდა: პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 2019 წელს, „მოწყენილი სახის“ დიპლომატი „დავიწყების ნისლიდან“ გამოიყვანა და იგი ჯერ პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დანიშნა, შემდეგ კი საგარეო პოლიტიკური უწყება ჩააბარა. სხვათა შორის, დმიტრო კულებამ, უნარიანმა კომუნიკატორმა, რომელიც სათვალეებით უფრო ჰარი პოტერს ჰგავდა, ვიდრე ჯონი ლენონს, მოდელიერ ვივიენ ვესტვუდის ჰალსტუხებში გამოწყობილმა, საკმაოდ დიდი პატივისცემა მოიპოვა უცხოელ დიპლომატებს შორის კიევში და დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში… მაგრამ საბოლოო ჯამში, დმიტრო კულებას მიერ გატარებული დიპლომატია, ზოგჯერ მკვეთრიც კი, ყოველთვის არ შეესაბამებოდა თავისი ბოსის – ვოლოდიმირ ზელენსკის უხეშ და ემოციურ რიტორიკას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომწიფდა აზრი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი „ხელების გასვრას“ თავს არიდებსო. „მას საქმის ბოლომდე მიყვანა არ უყვარს“, – ასეთი იყო საპრეზიდენტო ბლოკის დეპუტატთა ერთ-ერთი წონიანი წარმომადგენლის პოზიცია.

ინსაიდერების ვარაუდით, დმიტრო კულებას ბედი ჯერ კიდევ აპრილში გადაწყდა, როცა ანდრეი სიბიგა, რომელსაც, გავრცელებული ხმებით, მინისტრი უნდა ჩაენაცვლებინა, პრეზიდენტის ოფისიდან კულებას მოადგილედ გადაიყვანეს. პრეზიდენტთან ახლოს მდგომი რამდენიმე წყარო ვარაუდობს, რომ იმ დროს ვოლოდიმირ ზელენსკის სურვილის განხორციელებას ხელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეუშალა – ვაშინგტონმა კიევს ურჩია, რომ მსგავსი ფიქრებისთვის თავი დაენებებინა. ახლა კი, როცა აშშ წინასაარჩევნო საპრეზიდენტო ციებ-ცხელებით არის დაკავებული, კიევმა იდროვა და მთავრობაში საკადრო გადაადგილებების გეგმის რეალიზება დაიწყო.

მაგრამ, როგორც ჩანს, ამერიკული გავლენა გარკვეული დოზით მაინც იგრძნობა, მაგალითად, პრეზიდენტის მრჩეველ როსტისლავ შურმასთან მიმართებით, რომელიც კულისებში მოქმედებდა და საკმაოდ გავლენიანადაც, მაგრამ იმავდროულად წინააღმდეგობრივ პიროვნებას წარმოადგენს. მას უახლოეს ხანში ადმინისტრაციიდან გაუშვებენ და მის ფუნქციებს „კუდიანი“ ალექსანდრე კამიშინი (სტრატეგიული დარგების მინისტრი) შეასრულებს.

რასაკვირველია, მშვიდობიანობის დროს მინისტრის გადაყვანა პრეზიდენტის მრჩევლად შეიძლება დაქვეითებას ნიშნავდეს, მაგრამ ომის დროს, როცა ხშირად პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავლენა უფრო ძლიერია, ვიდრე მინისტრებისა, ანუ ალექსანდრე კამიშინის მრჩევლად დანიშვნა მის დაწინაურებას ნიშნავს.
ცხადია, ომის პერიოდის ხელისუფლების ცენტრალიზების გათვალისწინებით, მინისტრების გადაადგილებები სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს ვერც პოლიტიკაზე და ვერც საომარ ვითარებაზე, რომელიც ბოლო დროს უკრაინის აღმოსავლეთში სულ უფრო უარესდება. ამასთან, ზოგიერთი წყაროს აზრით, კიდევ უფრო ძლიერდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი: „მას ირგვლივ ბევრი ლოიალური ადამიანი ახვევია, მაგრამ ახლა თითქმის ყველა მის მიმართ ლოიალური იქნება“, – ამბობს იაროსლავ ჟელეზნიკი, ოპოზიციური დეპუტატი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: