ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი და შესაბამისად, პროვოკაციული გეგმების მთავარი ადრესატიც შეიძლება იყოს ბუნებრივია ის, შესაბამისად, ჩვენ გვმართებს მაქსიმალური სიფრთხილე – – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებობს მიმდინარე გამოძიება.
„ამას უკავშირდება ის ზომები, რომელიც მიიღება ბიძინა ივანიშვილის დასაცავად. ოპონენტებს ეს განსაკუთრებულად აღიზიანებთ, ვინაიდან ეს უსაფრთხოების ზომები უპირისპირდება მათ მიზნებსა და სურვილებს. არამარტო ღიზიანდებიან, ხედავთ, რომ მათი ტელევიზიები აგორებენ რაღაც კამპანიებს ამ თემასთან დაკავშირებით. ესეც არის ერთგვარი ბულინგი, რომლის მიზანია, რომ გაიძულონ, ეს უსაფრთხოების ზომები აღარ მიიღო. მათ აქვთ ინტერესი, უნდათ, რომ მაქსიმალურად შექმნან არა უსაფრთხო გარემო,თუმცა ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ვერც მათი ბულინგი, ვერც მათი შანტაჟი და ვერც პროვოკაციული სიუჟეტები ბუნებრივია ვერ გაჭრის,”- განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, რომელიც ოპოზიციონერების წინაშე მდგარ საფრთხეს შეეხებოდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციონერების ოფისებში განიხილება ასეთი საკითხები, თუმცა ამ ეტაპზე გვარები არ დაკონკრეტებულა.
„ჯერჯერობით, ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, გვარების გარეშე იყო ასეთ თემაზე საუბარი, როდესაც მათ ოფისებში განიხილება ასეთი საკითხები. ამ ეტაპამდე გვარები არ დაკონკრეტებულა, რომ ყოფილიყო მეტი კონკრეტიკა, ჩვენ მივმართავდით სამართალდამცავ უწყებებსაც. თუ იქნება კონკრეტიკა, ჩვენ არ მოვერიდებით, პირიქით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამასთან დაკავშირებით სამართალდამცავ სტრუქტურებს მივმართოთ, როგორც პარტიამ. ჯერჯერობით გვარების დაკონკრეტების გარეშეა საუბარი, მაგრამ მუდმივ რეჟიმში განიხილება ასეთი გეგმები, ამიტომ მაქსიმალურად ფხიზლად უნდა ვიყოთ ყველა – სახელმწიფო, ხელისუფლება, სამართალდამცავი სტრუქტურები და ასევე საზოგადოებაც. ჩვენი სიფხიზლე, საზოგადოების თითოეული წევრის, მოქალაქის სიფრთხილე და სიფხიზლე არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არავის მიეცეს პროვოკაციული გეგმების აღსრულების საშუალება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.