“უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრს” რეგისტრაციისთვის ნებაყოფლობით 469 ააიპ-მა მიმართა-თამარ ტყეშელაშვილი

რაც შეეხება სტატისტიკას, ამ წუთის მდგომარეობით ჩვენთან მომართული აქვთ შესაბამისი განცხადებით 469 ააიპ-ს. ამასთან, ამ წუთსაც კი, იუსტიციის სახლში არის რიგი, ჯერჯერობით არ ამოწურულა ეს რიცხვი და ჩვენ დღის ბოლოს, საბოლოო რიცხვს გავაჟღერებთ, ვინც ნებაყოფლობით მოგვმართა განცხადებით შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა საქმიანობის საგანი აქვთ ამ ორგანიზაციებს ან საიდან ფინანსდებიან ისინი, კანონმდებლობით არ აქვს უფლება, რომ გაასაჯაროოს აღნიშნული ინფორმაცია იქამდე, ვიდრე ისინი არ იქნებიან რეგისტრირებულები ამ რეესტრში.

„ერთია, მომართვა და მეორეა, ჩვენი უწყების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობა, რომ გადავამოწმოთ, ხომ ნამდვილად სწორია ის ინფორმაცია, რომელიც მათ მოგვაწოდეს შესაბამის განაცხადში, ანუ დეკლარაციაში.

აქ აუცილებლად, ხაზგასმით უნდა ვთქვა ის, რომ ჩვენი უწყება არის ძალიან მოწადინებული და მონდომებული თანამშრომლობაზე. ყველანაირად ვაკვალიანებთ შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მუშაობს ცხელი ხაზიც. ასევე, ხდება უშუალოდ კომუნიკაცია, გადმომისამართება საჯარო რეესტრთან და მიდის კონსულტაცია, დახმარება ამ ადამიანების.

აქვე ერთი ნიუანსი უნდა აღვნიშნო, ჩვენ ვახსენეთ, რომ დღეს სრულდება ვადა. არ მინდა ეს იყო იმგვარად გაგებული, რომ საერთოდ სრულდება ვადა ჩვენთან მომართვის. სრულდება ნებაყოფლობით მომართვის ვადა, თუმცა, ხვალაც, ზეგაც და შემდგომაც მათ რჩებათ დრო, რომ კიდევ მოგვმართონ, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, იქნება უკვე არანებაყოფლობით მომართვა და უკვე სხვა რეჟიმი ამოქმედდება ამ ორგანიზაციების მიმართ, იმ კუთხით, რომ გამოიწვევს გარკვეულ ჯარიმას, ვადის დარღვევით მომართვის შემთხვევაში. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი, რომ განმეორებით ქმედებებს არ ჰქონდეს ადგილი და გაგრძელდეს თანამშრომლობა უწყებასთან, სახელმწიფოსთან და უზრუნველყოფილი იყოს კანონის მიზანი“, – აღნიშნა მან.