საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა სასამართლოს სახელით თანამოქალაქეებს საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღეს ულოცავს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოქმედი კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა, საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული ღირებულებები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მსაზღვრელს.
მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული ღირებულებები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მსაზღვრელს.
„29 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელმაც დასაბამი დაუდო თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობას. კონსტიტუციის მიღებას, ერთი მხრივ, წინ უძღოდა მტკიცე ერთიანობა ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეის მიმართ, რაც 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა, ხოლო შემდეგ, უმძიმესი სახელმწიფოებრივი კრიზისი და სოციალური ძნელბედობა. ძირითადი კანონის შემუშავების იმდროინდელი ქრონიკა ცხადყოფს ეროვნული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. სწორედ ამ ფონზე იქნა მიღებული კონსტიტუცია, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ორიენტირი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას დაუკავშირა.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა. ის იდეოლოგიური მსოფლმხედველობა, რაც უკავშირდება თავისუფლებისადმი მუდმივ სწრაფვასა და ევროპული სამართლებრივი ტრადიციების დამკვიდრებას, სწორედ 1918- 1921 წლების საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცდილებიდან მოგვდგამს, რომელიც, ამავდროულად, შთაგონების წყაროა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარების გზაზე.
საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული ღირებულებები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს განვითარების მსაზღვრელს. კონსტიტუციური წესრიგის კონსოლიდაციის პროცესში თითოეული ინდივიდის როლი მნიშვნელოვანია. მჯერა, საქართველოს განვითარება შეუქცევადად გაგრძელდება კონსტიტუციით გაცხადებული ღირებულებების შუქზე“,- ნათქვამია განცხადებაში.