კურსკის ოლქში შეჭრა უკრაინის საომარი მოქმედებებისათვის შეიძლება დასასრულის დასაწყისი იყოს – Der Spiegel

„უკრაინის საჯარისო სამხედრო ქვედანაყოფების კურსკის ოლქში შეჭრამ დასავლელ ექსპერტებს საქმე გაუჩინა – ისინი ეძებენ პასუხს კითხვაზე, თუ რისი მიღწევა სურს უკრაინას ამ ოპერაციით“, – ნათქვამია გერმანული ჟურნალის „დერ შპიგელის“ (Der Spiegel) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში სათაურით „კურსკის ოლქში შეჭრა უკრაინის საომარი მოქმედებებისათვის შეიძლება დასასრულის დასაწყისი იყოს“ (ავსტრიელ ექსპერტს გუსტავ გრესელს ესაუბრება ჟურნალისტი ალექსანდერ კაუშანსკი).

პუბლიკაციაში გუსტავ გრესელი აცხადებს, რომ უკრაინის არმიისათვის რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა კიევისათვის ძალიან სახიფათოა და შეიძლება უკრაინის სამხედრო კოლაფსი გამოიწვიოს. მისი თქმით, ზუსტი ინფორმაცია ძალიან ცოტაა – დღემდე არავინ იცის, თუ რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი იმყოფება კურსკის ოლქის სამხრეთ რაიონებში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინის წარმატებისათვის.

„ერთი რამ ცხადია: საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინა, რომელიც დონბასში მიმდინარე მძიმე ბრძოლებშია ჩართული, კურსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. რაც უფრო წინ მიიწევენ უკრაინელები, მით უფრო სუსტდება მათი ლოჯისტიკა. მათ აუცილებლად ჭირდებათ დამატებითი ცოცხალი ძალა, სამხედრო ტექნიკა, საწვავით მომარაგება, დანაკლისის შევსება. არადა, აშკარაა, რომ ამჟამად უკრაინას დამატებითი რეზერვები არ აქვს. თუ რაიმე ჰქონდა, ისინი უკვე კურსკში იბრძვიან. დასავლური დახმარების სწრაფი გაზრდა ამ მომენტში ნაკლებად მოსალოდნელია.

ამრიგად, კურსკის ოლქში განხორციელებული სამხედრო ოპერაცია სახიფათოა თვითონ უკრაინის არმიისათვის, მაგრამ კიდევ უფრო უარესი შეიძლება იყოს შეჭრით გამოწვეული პოლიტიკური შედეგები. მართალია, უკრაინელები რუსეთის ტერიტორიის ოკუპირებით „წელში გაიმართნენ და სულში იმედი ჩაესახათ“, მაგრამ მაინც ყველასათვის გასაგებია, რომ ეს ყველაფერი დონბასის ფრონტის შესუსტების ხარჯზე მოხდა… ამიტომაც არმიის სარდლობას, თუ ისინი დამარცხდებიან, იმედგაცრუებული საზოგადოებისა და ჯარისკაცების წინაშე პასუხისმგებლობა მოუწევთ“, – ამბობს ინტერვიუში გუსტავ გრესელი.

ავსტრიელი ექსპერტი სახიფათოდ თვლის საერთაშორისო რეაქციასაც უკრაინელთა „სამხედრო ნახტომზე“, რომელიც კიევმა რუსეთის იურიდიულად აღიარებულ ტერიტორიაზე განახორციელა. „რასაკვირველია, ამერიკელები კარგად უწყოდნენ ამ ოპერაციის დაგეგმვასა და რეალიზებას. ამაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ შეტევის დროს უკრაინელებმა მასიურად გამოიყენეს ამერიკული რაკეტები – HIMARS-ები. ამ რაკეტების სამიზნეთა კოორდინატები ყოველთვის ვაშინგტონთან არის ხოლმე შეთანხმებული. ამასთან, ოპერაციის შესახებ არაფერი არ იცოდა კიევის კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა მოკავშირემ – გერმანიამ.

ბერლინში გაჩაღდა დისკუსია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კურსკი ოლქზე შეტევაში გერმანული მძიმე ტექნიკაც – ჯავშნიანი მანქანები „მარდერები“ მონაწილეობდნენ. ჯერ-ჯერობით ქვეყნის მთავრობას რაიმე ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია: „ალბათ, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ მოკავშირეები, იმაზეც იქნება დამოკიდებული უკრაინის არმიის ოპერაციის შემდგომი წარმატება.  აშკარაა, რომ გერმანიის კანცლერი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება კიევისათვის დახმარების შემდეგი პაკეტის გაგზავნის დროს“, – ამბობს ავსტრიელი ექსპერტი.

გუსტავ გრესელის ვარაუდით, კიევს იმედი აქვს, რომ კურსკის ოლქში რამდენიმე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაიკავებს, მაგალითად, კურსკის ატომურ ელექტროსადგურს და ამით დააჩქარებს რუსეთის თანხმობას სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რომელიც ახლა უკვე ტერიტორიულ გაცვლასაც გულისხმობს. მაგრამ ექსპერტის აზრით, უკრაინა ჯეროვნად ვერ აფასებს ამ მეტად სარისკო გეგმის ჩაფუშვის შესაძლებლობას: „თუ უკრაინელები კურსკის ოპერაციით რეზერვებს მთლიანად „შეჭამენ“ და ისედაც გამოფიტული არმია კიდევ უფრო დასუსტდება, მაშინ დონბასის ფრონტი ჩამოიშლება და უკრაინა იძულებული გახდება აღმოსავლეთში კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დათმოს“.

დონბასში უკრაინის არმიის სავარაუდო კატასტროფა გერმანულ ოპოზიციას და რუსეთუმეებს – ისეთებს, როგორებიც არიან პარტიები „ალტერნატივა გერმანიისათვის“ და „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ განმტკიცების შესაძლებლობას მისცემს. ისინი ყველანაირად შეეცდებიან, რომ უკრაინა არასაიმედო პარტნიორად, „დაუფიქრებელ ჩხუბისთავად“ წარმოადგინონ, ანუ ისეთად, რომელიც არავინ იცის, რას მოიმოქმედებს. ერთი სიტყვით, თუ უკრაინა კურსკის კამპანიით საბოლოოდ ვერაფერს მიაღწევს, მაშინ აშშ და გერმანია კიევს დახმარებას მკვეთრად შეუმცირებენ. ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, „კურსკის ნახტომმა“ შეიძლება უკრაინის სამხედრო დასასრულის დაწყება გამოიწვიოს“.

„უკრაინამ კურსკის ოლქში შეჭრით შეიძლება უფრო მეტი დაკარგოს, ვიდრე მიიღოს“, ასკვნის ექსპერტი, – „კიევს სხვა სვლები აღარ დარჩა, სარისკო ოპერაციების გარდა. უკრაინას ომის მოგება არ შეუძლია მოკავშირეების მცირე დახმარებისა და ცოცხალი ძალის დეფიციტის გამო, ამიტომ კიევი ცდილობს რუსეთს ერთჯერადი მტკივნეული დარტყმები მიაყენოს, თუმცა შედეგები, ვიმეორებ, დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული“.

წყარო