2008 წლის ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა- იუსტიციის სამინისტრო

2008 წლის ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„2008 წლის აგვისტოს ომის საქმესთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ:

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ;

რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო, პასუხისმგებელია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებების მასობრივ დარღვევაზე;

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ.

2022 წლის ბოლოს ჰააგის პროკურორმა დაასრულა აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება ქართული მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის თუ სხვა ნებისმიერი სახის გადაცდომის გამოვლენის გარეშე;

2022 წელს ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერები გამოსცა ცხინვალის რეგიონის სამი „მაღალჩინოსნის“ მიმართ აგვისტოს ომის დროს ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის და გამოიკვეთა აწ გარდაცვლილი რუსი გენერლის პასუხისმგებლობა.

2024 წლის 9 აპრილს საქართველომ მოიპოვა კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე;

სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთი განგრძობითად ახორციელებს უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესს, რაც მასობრივად არღვევს საქართველოს მოსახლეობის უფლებებს“, – ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულებას, იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავების აღსრულების მიზნით საქართველო აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან.