დღეს ჩვენ ვიხსენებთ აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედროებს და სამოქალაქო პირებს. დღეს ვიხსენებთ 16 წლის წინ, აგვისტოს იმ მძიმე დღეებს, რომელიც ყველამ ერთად განვიცადეთ – ჩვენი გმირი სამხედროები, რომლებიც ცეცხლის წინა ხაზზე იყვნენ, სამოქალაქო პირები, რომლებიც ომის ეპიცენტრში მოყვნენ და მთლიანი საქართველო, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ განიცდიდა იმ აგრესიას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა, – განაცხადა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მყიფეა ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის.
„ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს დღეები, როცა ხალხი, როგორც წესი, დასვენებისკენ არის მომართული, მაგრამ როგორ უცებ მოიღრუბლა და გადაიქცა ბედნიერი დღეები ტრაგიკულ დღეებად. არ უნდა დაგვავიწყდეს მშვიდობის სიმყიფე და უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აქვს, რომ ქვეყანაში არ დაუშვას ომი. ეს არის ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ ბოლო 12 წელია“ , – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.