იმპიჩმენტის პროცედურაში ევროკავშირის ზოგიერთი თანამდებობის პირის ჩარევამ დააზიანა საქართველო, დღეს გვყავს პრეზიდენტი, ვინც არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას-პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილი ჩართულია პირდაპირ წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა ეს მისთვის უჩვეულო ნაბიჯი არ არის, ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ ის, ზოგადად, უდიერად ეპყრობა საქართველოს კონსტიტუციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა გაიხსენა და აღნიშნა, რომ თავის დროზე, როდესაც იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობდა, უცხოელი აქტორები ჩართული იყვნენ იმაში, რომ იმპიჩმენტი არ განხორციელებულიყო. მისივე თქმით, ევროკავშირის ზოგიერთი თანამდებობის პირისა და დიპლომატის ამ ჩარევამ დააზიანა საქართველო და შეიყვანა უფრო დიდ პოლარიზაციაში.

„ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, გავურბივართ იმას, რომ ვინმეს ხელი შევუწყოთ კონსტიტუციის დარღვევაში. რასაც აკეთებს ქალბატონი სალომე, ეს არის კვლავ კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა. ის ჩართულია პირდაპირ წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა ეს მისთვის უჩვეულო ნაბიჯი არ არის, ვინაიდან ჩვენ შეჩვეული ვართ იმას, რომ ის, ზოგადად, უდიერად ეპყრობა საქართველოს კონსტიტუციას. მან გუშინ კვლავ განაცხადა, რომ ის არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმაციას, სიტყვასიტყვით ეს თქვა მან და, მათ შორის, ისაუბრა სხვადასხვა ინსტიტუტზე. არ ვიცი, ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ამ პოზიციაზე გვყავს ადამიანი, რომელიც არ აღიარებს ჩვენს სახელმწიფოს და შეგახსენებთ, თავის დროზე, როდესაც იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობდა, თუ რამდენად ჩართული იყვნენ უცხოელი აქტორები იმაში, რომ ქალბატონი სალომეს იმპიჩმენტი არ განხორციელებულიყო. ევროკავშირის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები, დიპლომატები, პოლიტიკოსები პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ საქართველოს პარლამენტზე, რომ იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაეჭირათ და ამბობდნენ, რომ ეს დეპოლარიზაციისთვის იქნებოდა ცუდი. შესაბამისად, ვნახეთ ჩვენ ბოლოს, რომ, მიხეილ სააკაშვილის წყალობით, ეს იმპიჩმენტი არ შედგა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეინარჩუნა ქალბატონი სალომე ამ თანამდებობაზე და დეპოლარიზაციას მისი მხრიდან მე ცოტა ნაკლებად ვხედავ. პირიქით, უფრო მეტად და კიდევ უფრო გაბედულად არღვევს კონსტიტუციას, ვინაიდან აქვს პირდაპირი ჯავშანი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს შიდა პოლიტიკაში და, მათ შორის, პარლამენტის საქმიანობაში ერევიან უცხოელი აქტორები, და ამ შემთხვევაში ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელი პირდაპირ ერევა პარლამენტის საქმიანობაში, ეს აზიანებს ჩვენს ქვეყანას. სამწუხაროდ, მათმა პოზიციამ, მათ შორის, იმოქმედა ალბათ არასამთავრობო ორგანიზაციების თუ პარტიების ზოგიერთ ნაწილზე, რომლებიც ხედავდნენ, რომ ახლა თუ ევროკავშირი წინააღმდეგია იმპიჩმენტის, მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი უნდა გამოსულიყვნენ და გახსოვთ მაშინ ყალბი დასკვნები, რომლებსაც აქვეყნებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც იყო ცხადზე ცხადი. ელემენტარული საკითხი იყო, რომ ეს იყო უხეში დარღვევა კონსტიტუციის და ვნახეთ, რომ ამ ჩარევამ ევროკავშირის ზოგიერთი თანამდებობის პირისა და დიპლომატისა, დააზიანა საქართველო, შეიყვანა უფრო დიდ პოლარიზაციაში და დღეს ჩვენ პრეზიდენტის თანამდებობაზე გვყავს ადამიანი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ის არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, იმ დროს, როცა პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფი ადამიანი პირდაპირ ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში, არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და არჩევნებზე დამკვირვებელი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას არ აპროტესტებს.

„2018 წელს მეც ჩვეულებრივი ამომრჩეველი და მოქალაქე ვიყავი და მახსოვს საპრეზიდენტო არჩევნები და მახსოვს მეორე ტური, სადაც ბანერზე ზუსტად ბიძინა ივანიშვილი იყო განთავსებული და სწორედ ამის მეშვეობით გახდა ქალბატონი სალომე პრეზიდენტი. ასე რომ, აქ კომენტარიც ზედმეტია. კიდევ ერთხელ, არასერიოზული განცხადებებია. რაც მთავარია, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, რასაც აკეთებს ქალბატონი სალომე და, ჰოი საოცრებავ, არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და არჩევნებზე დამკვირვებელი ამას არ აპროტესტებს. მაინტერესებს, საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში მაინც თუ აღმოჩნდება ის, რომ პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფი ადამიანი პირდაპირ ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც წარმოადგენს უხეშ დარღვევას. ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმეს ხელი შევუწყოთ კონსტიტუციის დარღვევაში. ნებისმიერ პოლიტიკურ წინასაარჩევნო აგიტაციაში და კამპანიაში ჩართვა იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც აქვს პრეზიდენტის თანამდებობა, არის კონსტიტუციის დარღვევა. საკმარისია ის წყება დარღვევებისა, რომლებიც ქალბატონმა სალომემ უკვე დააგროვა ამ ბოლო პერიოდში. არავინ არ აპირებს, ხელი შეუწყოს, რომ კიდევ ერთხელ დაარღვიოს კონსტიტუცია. ის უნდა დარჩეს იმ თანამდებობის ჩარჩოებში, რომელიც მას აქვს და პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას. კონსტიტუცია ირღვევა იმით, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ჩართული არის წინასაარჩევნო აგიტაციაში და კამპანიაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.