„საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა, ამ მიმართულებით ქვეყანა დასახულ ამოცანებს მიყვება და ასრულებს ყოველდღიურ რეჟიმში” – ლევან დავითაშვილი

ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა – ქვეყანა მიჰყვება დასახულ გეგმებსა და ამოცანებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ჟურნალისტებს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველო თანმიმდევრული პოლიტიკით და მწყობრი ნაბიჯებით, პარტნიორებს დაარწმუნებს, რომ ევროკავშირში წევრობას იმსახურებს.

„ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა. მაქვს ყოველდღიური ინფორმაცია DCFTA-ის ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. მუშაობს თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც სამინისტროები იღებენ, ანუ თითოეული ახალი პოლიტიკის დოკუმენტი და ინიციატივა სრულად თანხვედრაშია და მიყვება ჩვენს სამოქმედო გეგმას DCFTA-სთან დაკავშირებით. საქართველო საკუთარი კანონმდებლობის აპროქსიმაციას ახდენს, საქართველო საკუთარ პოლიტიკას ევროკავშირთან აახლოებს. ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც საბოლოოდ მოგვცემს საშუალებას, ჩვენ ევროკავშირში გავწევრიანდეთ. ევროინტეგრაციის პროცესი არის კომპლექსური პროცესი, რომელიც მოიცავს ბევრ მიმართულებას. ძირითადად ეს პროცესი გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა თავისი პოლიტიკითა და ინსტიტუციური შესაძლებლობებით შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის ინსტიტუციურ და პოლიტიკურ მოთხოვნებთან. ამ მიმართულებით მუშაობა არცერთი წამით არ შეჩერებულა. ქვეყანა მიჰყვება დასახულ გეგმებსა და ამოცანებს.

როცა ჩვენი პარტნიორები საუბრობენ, რომ ჩვენ შეჩერებული გვაქვს პროცესი, საუბარია იმაზე, რომ მათი მხრიდან გარკვეული პროცესები დღეს შეიძლება არის ან შეჩერებული, ან გადახედვის რეჟიმში. იმედი მაქვს, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით, როგორც არაერთხელ გვიჩვენებია საზოგადოებისთვის, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ჩვენი მწყობრი ნაბიჯებით, იმით, რომ ჩვენ ვართ ინტეგრაციის პროცესის ერთგულნი, პარტნიორებს დავარწმუნებთ, რომ საქართველო ევროკავშირში წევრობას იმსახურებს და ეს პროცესი დაუბრუნდება იმ კალაპოტს, რა კალაპოტშიც მიმდინარეობდა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.