როგორია აშშ-ის გეგმები შავი ზღვისა და კავკასიის მიმართ – რას წერს თურქული პრესა

თურქეთის გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Cumhuriyet) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აშშ-ის გეგმები შავი ზღვისა და კავკასიის მიმართ“ (ავტორი – მეჰმეთ ალი გიულერი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ნატოს ამასწინანდელი ვაშინგტონის სამიტის შემაჯამებელი დასკვნითი დეკლარაციის ერთ-ერთი დებულება თურქეთის პროსამთავრობო მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ შეფასდა როგორც თურქეთის მმართველი განვითარებისა და სამართლიანობის პარტიის წარმატებად. დეკლარაციის 31-ე პუნქტში  ნახსენებია 1936 წელს ხელმოწერილი მონტრეს კონვენცია, რომელიც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების სტატუსს ეხება.

საინტერესოა, რომ სიტყვებს „შავი ზღვის უსაფრთხოება და სტაბილურობა“ დამატებული აქვს „ნაოსნობის თავისუფლება“.

ამერიკის ხრიკები: შავი ზღვა ვაშინგტონის სამიზნეში

მაგრამ მონტრეს კონვენცია ხომ სწორედ ისეთი შეთანხმებაა, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით ზღუდავს თავისუფალ ნაოსნობას სამხედრო ხომალდების შესვლას და მათ გადაადგილებას შავი ზღვის აკვატორიაში? სამხედრო ხომალდებისათვის შავ ზღვაში არ არის „თავისუფალი ნაოსნობა“, მაგრამ არის „შეზღუდული ნაოსნობა“.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აშშ-მა ძალიან კარგად იცის, მაგრამ მაინც ფიქრობს შავი ზღვის „თავისუფალ//ღია“ სტატუსზე. გავიხსენოთ, რომ ამერიკა 75 წლის განმავლობაში ეძებდა „ღია კარს“ იმ მიზნით, რომ „დაბრკოლების გარეშე“ შესულიყო შავი ზღვის აკვატორიაში.

უფრო მეტიც – აშშ-სათვის შავი ზღვა ითვლება სტრატეგიულ სამიზნედ, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს „ახალი რკინის ფარდისათვის“, რომლის დაშვებასაც ვაშინგტონი ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთამდე ცდილობს. სწორედ ამიტომაც აშშ-მა გაწაფულად და მიზანმიმართულად მონიშნა ეს მიზანი ნატოს კიდევ ერთ დეკლარაციაში ჯერ კიდევ უკრაინის კონფლიქტის დაწყებამდე.

დღევანდელი მოვლენების უკეთ გაგებისათვის გავიხსენოთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2021 წლის 14 ივნისი დეკლარაცია, რომელშიც, აშშ-ის ინიციატივით, დამატებული იქნა ორი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პუნქტი:

ა) ნატოს წევრებმა უნდა განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები – განსაკუთრებით სამხედრო სფეროში – უკრაინასთან და საქართველოსთან, მათი ალინსში გაწევრიანების ჩათვლით.

ბ) ნატომ უნდა გააფართოვოს თავისი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში – ხმელეთზე, ზღვაზე და საჰაერო სივრცეში.

საქართველოს სომხეთი ანაცვლებს?

დასავლეთის ფრონტს, რომელიც ამერიკამ რუსეთს უკრაინაში გაუხსნა, ვაშინგტონი ცდილობს სამხრეთის ფრონტიც დაამატოს – კავკასიის რეგიონში, მაგრამ ამერიკა ამას ვერა და ვერ ახერხებს. უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილის გეგმები გამოიხატებოდა სამშობლოში ანტისამთავრობო გამოსვლების ორგანიზებაში, მაგრამ თბილისმა ენერგეიული ზომები გამოიყენა და ექს-პრეზიდენტის განზრახვებს ბოლო მოუღო. პერსპექტივაში ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისათვის – სააკაშვილის ჩანაფიქრის მსგავსი მცდელობები რომ არ მომხდარიყო – ქვეყნის მთავრობამ მიიღო კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“.

ახლა ამერიკა ცდილობს სომხური კარტები გაათამაშოს: ერევნის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი მიწვეული იყო ნატოს სამიტზე ვაშინგტონში. შემდეგ დადგა საკითხი, რომ აშშ-ის არმიას – პენტაგონს – თავისი წარმომადგენელი ჰყოლოდა სომხეთის თავდაცვის სამინისტროში. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უზრა ზეიამ ეს ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ აშშ-სა და სომხეთს შორის „ახალი სტრატეგიული ეტაპი“ იწყებაო.

ამით ამერიკას ორმაგი მიზნის მიღწევა აქვს განზრახული: პირველი – გახსნას სამხრეთი ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ და მეორე – სოლივით ჩაეჭედოს ასტანის სამკუთხედში (თურქეთი-რუსეთი-ირანი).

ამ კონტექსტში ასევე საყურადღებოა ერთი ფაქტიც: ამერიკამ ახლახან დააფიქსირა თავისი პოზიცია ანკარასა და დამასკოს (თურქეთ-სირიის) შორის ურთიერთობების მოგვარების მიმართ, რომელიც ასტანის სამკუთხედის დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს: სახელმწიფო დეპარტამენტის ღია განცხადებით, „ვაშინგტონი მხარს არ უჭერს იმ ძალისხმევას, რომელიც თურქეთ-სირიის ურთიერთობების ნორმალიზებისკენაა მიმართული“.

ორი რეგიონული ნაბიჯის აუცილებლობა

გასაგებია და აშკარაა, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ პირობებში: პირველი – უნდა დაჩქარდეს ანკარა-დამასკოს ურთიერთობის ნორმალიზება [და ამ მიზნით დელეგაციების მოლაპარაკება, რომელის შემდგომი ეტაპი იქნება რეჯეფ ერდოღანისა და ბაშარ ასადის შეხვედრა]; მეორე – რეალურად განხორციელდეს რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა ფორმატით „3+3“ (თურქეთი-რუსეთი-ირანი, პლუს აზერბაიჯანი-სქართველო-სომხეთი).

როგორც ვხედავთ, ნატოში თურქეთის წევრობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ალიანსს ანკარა თავის სამიზნეში ჰქონდეს ამოღებული…

მოკლედ, წინ – არა ნატოს შიგნით, არამედ მის გარეთ!

წყარო

——————