ვისაც სჯერა, რომ “ქართული ოცნება” მომავალ 6 თვეს რეფორმების სიმულაციისთვის არ გამოიყენებს, მივიდნენ და შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას დაესწრონ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ – ნეტარ არიან მორწმუნენი – ვისაც “ქართული ოცნების” სჯერა, ჩვენ მათ გავატარებთ! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.
როგორც მანჯგალაძემ განმარტა, “ქართული ოცნების” მიმართ ნდობა არ არსებობს, ხოლო იმისთვის, რომ ნდობა აღდგეს მმართველი გუნდის მიმართ, აუცილებელია რიგგარეშე სესიის მოწვევა და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით მიღება.
“ოპოზიციის სახელით საუბარი არ შემიძლია. ყველა პარტიას თავისი გეგმა აქვს. “სტრატეგია აღმაშენებლის” პოზიციაა და ამაში ბევრი პარტია გვეთანხმება, რომ მთავარია “ქართულმა ოცნებამ” პირველ რიგში ნაბიჯი ნდობისთვის გადმოდგას, ვიდრე მომავალში გასაკეთებელ საქმეებზე ვილაპარაკებთ. მათ გადმოყოლილი აქვთ ვალი შარლ მიშელის დოკუმენტიდან – ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. იმისთვის, რომ მხარეებს შორის ნდობა აღდგეს, დაინიშნოს პარლამენტის რიგგარეშე სესია, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მივიღებთ.
“ქართული ოცნების” მიმართ ნდობა არ არსებობს. ჩვენ “ქართულ ოცნებას” ერთხელ ვენდეთ, მაგრამ საზოგადოება „გადააგდეს“. ამის შემდეგ იყო შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებული პროცესი, როცა შარლ მიშელიც კი „გადააგდეს“. არანაირი მოლოდინი იმისა, რომ ახლა შალვა პაპუაშვილი აიღებს პასუხისმგებლობას და პროცესებს შეცვლის, ჩვენ არა გვაქვს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
შეგახსენეთ, რომ პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილ 12-პუნქტიანი პირობის შესრულების საკითხზე მუშაობა იწყება.
პირველ სხდომას ამ დღის წესრიგით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გამართავს, რომელიც 7 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება.
პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს. სამუშაო ჯგუფი შეიქმნება მათ შორის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით. ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების კონკრეტული გეგმა 1-ელ ივლისს წარადგინა. ამ გეგმის თანახმად, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის სფეროში პარლამენტის რეგლამენტის აღსრულების ყოვლისმომცველ შეფასებას უზრუნველყოფს და მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.