„დიდი ბრიტანეთის ექს-პრემიერი ბორის ჯონსონის განცხადებით, როცა დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება, იგი „ძლიერ და გადამწყვეტ“ მხარდაჭერას გამოავლენს უკრაინის მიმართ“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „ინდეფენდენთის“ (The Independent) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „დონალდ ტრამპი უკრაინის „ძლიერი მხარდამჭერი“ იქნება!? მოკავშირეები ტრამპის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად იზოლაციონისტ ჯეიმს ვენსის დასახელებამ შეაშფოთა“ (ავტორი – ენდი გრეგორი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ამ კვირაში ბრიტანელი კონსერვატორი ექს-პრემიერი ბორის ჯონსონი აშშ-ში იმყოფებოდა, რესპუბლიკური პარტიის ყრილობას დაესწრო, პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს შეხვდა და მასთან თითქმის ერთი საათი ისაუბრა.
„მოხარული ვარ, რომ დონალდ ტრამპი პირადად ვნახე, იგი საუკეთესო ფორმაშია მასზე სამარცხვინო თავდასხმის შემდეგ“, – წერს ბორის ჯონსონი „იქს-ქსელში“, – ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაზე და მე ეჭვიც არ მეპარება, რომ იგი ძლიერ და გადამწყვეტად დაუჭერს მხარს ამ ქვეყანას და მის დემოკრატიას“.
იმ დღიდან, როცა რუსეთის არმია 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა, კიევი დიდ ბრიტანეთს და ბორის ჯონსონის მთავრობას ერთგულ მოკავშირედ განიხილავდა. მაგრამ ბორის ჯონსონი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან საკუთარმა კონსერვატიულმა პარტიამ ჩამოაშორა, შიდაპოლიტიკური სკანდალების გამო.
ამასთან, ბორის ჯონსონის იმედიანი განცხადება მკვეთრად კონსტრასტულია იმ საგანგაშო და პესიმისტური განწყობის პარალელურად, რომელიც დონალდ ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების შესაძლებლობა იწვევს უკრაინის მოკავშირეებში – ვაითუ აშშ-ის მომავალმა ლიდერმა უკრაინის მიმართ დახმარება შეწყვიტოსო. ამ შეშფოთებას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე იზოლაციონისტი თანაპარტიელი ჯეიმს ვენსი წამოაყენა, რომელიც ანტიუკრაინული განწყობით არის ცნობილი.
ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ორშაბათს გაზეთ „პოლიტიკოსათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯეიმს ვენსის დამტკიცება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად „უკრაინისათვის კატასტროფას მოასწავებს“, ხოლო ბრიტანული ტელეარხის „სქაი ნიუსის“ ეთერში გამოსვლისას ერთ-ერთმა ყოფილმა ბრიტანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ „თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ჯეიმს ვენსის შესვლა ნიშნავს, რომ კიევი ამერიკული დახმარების გარეშე დარჩება“.
სენატორი ჯეიმს ვენსი, რომლის სახელი ფართოდ გახდა ცნობილი 2016 წელს, მემუარების გამოქვეყნების შემდეგ, უკრაინის დახმარების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ამერიკას არ აქვს იმდენი ფინანსური და საწარმოო შესაძლებლობები, რომ უკრაინას რუსეთთამ ომში წლების განმავლობაში დაეხმაროს
ჯეიმს ვენსი ასევე ეთანხმება დონალდ ტრამპის რიტორიკას ნატოსთან მიმართებით და იმეორებს ექს-პრეზიდენტის თვალსაზრისს, რომ ევროპა მუდამ ამერიკის იმედზე არ უნდა იყოს და მეტი ფული უნდა დახარჯოს საკუთარი უსაფრთხოებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გასაძლიერებლად.
ამასთან, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დონალდ ტრამპს უკრაინის მიმართ წინააღმდეგობრივი მიდგომები ახასიათებს: იგი [პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს] ჯერ საჯაროდ აცხადებდა უკრაინის სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობას, მაგრამ შემდეგ თავს იკავებდა დახმარებაზე. როგორც მისი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ფიონა ჰილი აცხადებდა, დონალდ ტრამპი ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ უკრაინას დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი აქვს“. ფაქტიურად, მისი ასეთი პოზიცია ვლადიმერ პუტინის ხედვებს ემთხვევა.
78 წლის პოლიტიკოსს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, იგი რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში შეწყვეტს, თანაც ისე, რომ სავარაუდოდ, დონბასი და ყირიმი რუსეთს დარჩება.
დონალდ ტრამპის ასეთ განცხადებებს არასერიოზულად თვლიდა დევიდ კემერონი, რიში სუნაკის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ომის შეწყვეტის 24-საათიანი“ წინადადება „პრიმიტიულად“ ჩათვალა.
საერთოდ, ბორის ჯონსონი ადრეც მხარს უჭერდა ტრამპის კანდიდატურას (მაგალითად, რამდენიმე თვის წინ, გაზეთ „დეილი მეილისათვის“ დაწერილ სტატიაში, და აღნიშნავდა, რომ თუ დონალდ ტრამპი სწორად მოიქცევა და უკრაინელებს მხარს დაუჭერს, აშშ-ის პრეზიდენტად მისი არჩევა მთელი მსოფლიოსათვის დიდი გამარჯვება იქნება“.
რაც შეეხება ბორის ჯონსონის განცხადებას დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ – „იგი მხარს დაუჭერს უკრაინასო“ – რეალურად გამართლდება თუ არა, ამას არჩევნების შემდეგ ვნახავთ.