ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ღირსეულ პარტნიორთან“ დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილება, სულ მცირე, გაუგებარია.
მდინარაძის შეფასებით, ძალიან მალე ყველა მსგავსი გადაწყვეტილება შეიცვლება და ეს კონკრეტულ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, საქართველო დემოკრატიის ხარისხით, რეფორმების გატარების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყნების რიგშია.
მამუკა მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „იღებს თუ არა „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას აშშ-ის მძიმე გადაწყეტილებაზე“.
„თქვენი ბოლო დროის ერთ-ერთი ტრენდია, გადაწყვეტილებაზე პასუხიმგებლობის აღებაზე ესაუბროთ იმას, ვინც გადაწყვეტილებას არ იღებს. ეს რაღაც ახალი მახინჯი ფორმაა. პასუხიმგებლობის აღებას სთხოვთ იმ მხარეს, რომელსაც გადაწყვეტილება არ მიუღია. ჩემი აზრით, ეს არის არასწორი გადაწყვეტილება. არასწორ გადაწყვეტილებაზე, გადაწყვეტილების ობიექტი და მეორე მხარე პასუხისმგებლობას ვერასდროს აიღებს. ჩვენ ვსაუბრობთ ურთიერთობების გადატვირთვაზე, ნორმალიზებაზე, იმაზე, რომ ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოუხსნას ის ფაქტობრივი სანქცია, რომელიც უდიდეს უმრავლესობას ვიზის სირთულის სახით აქვს. ჩემი აზრით, ამაში მდგომარეობს მთავარი სტრატეგიული პარტნიორობა. სხვა, გაცილებით ნაკლები კომუნიკაციის ქვეყნებს, 2 000-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე მოყოლებული, პროცენტულად უფრო მეტ ვიზას აძლევდნენ, რატომღაც საქაერთველოს მოქალეებისთვის ეს ვიზები ასე გახსნილი არასდროს ყოფილა. ჩვენ და ავღანეთი ვართ ერთი და იმავე სტატისტიკური მონაცემებით ვიზის აღების თვალსაზრისით. თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები – ამაზე ვსაუბრობთ და პასუხად ვიღებთ, რომ იცით რა, თქვენ წვრთნები გაგიუქმეთ. შემდეგ ვიღაც იტყვის, ეს არის აშშ-ის მცდელობა, რომ ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში. ჩვენ ამას არ ვამბობთ, მაგრამ ვიღაც ამას რომ იტყვის, შემდეგ მოხვალთ და მკითხავთ, ეთანხმებით თუ არა? შეიძლება, ამის შესახებ ეჭვი ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ჩვენ ასე არ განვიხილავთ საკითხებს, ჩვენ ასე არ შევდივართ თემის სიღრმეებში და ვფიქრობთ, რომ ეს არის, სულ მცირე, გაუგებარი გადაწყვეტილება. იმ ფონზე, როცა საქართველო დემოკრატიის ხარისხით, რეფორმების გატარების თვალსაზრისით და ა.შ. მოწინავე ქვეყნების რიგშია, მაგალითად, ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არის გაუგებარი. მგონია, რომ ძალიან მალე, მაგალითად, რამდენიმე თვეში ასეთი და ყველა მსგავსი გადაწყვეტილება შეიცვლება და ეს კონკრეტულ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული“, – განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
ამავდროულად, მდინარაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ არცერთ წარმომადგენელს არასდროს უთქვამს, რომ აშშ ცუდია და არც მეორე ფრონტთან დაკავშირებით ყოფილა ამერიკის მიმართ ბრალდება.
„ქართული ოცნების“ არცერთ დეპუტატს, მთავრობის არცერთ წევრს, ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არასდროს უთქვამს, რომ ევროკავშირი ცუდია, აშშ ცუდია. მსგავსი რამ არ გვითქვამს. მეორე ფრონტიც არასდროს დაგვიბრალებია ჩვენ აშშ-სთვის. არც გლობალური ომის პარტია გვიწოდებია არასდროს აშშ-სთვის. ამომიღეთ ერთი ფრაზა, რომ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ აშშ-ს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 5 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.