“უკრაინას ეტყვიან, რომ ის ძალიან კორუმპირებულია და ნატოს წევრად ვერ მიიღებენ”-The Daily Telegraph

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი” (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინას ეტყვიან, რომ ის ძალიან კორუმპირებულია და ნატოს წევრად ვერ მიიღებენ“ (ავტორი – ჯო ბარნსი). მასალაში განხილულია უკრაინის პერსპექტივები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც 9 ივლისს უნდა გაიმართოს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინას ეტყვიან, რომ ამჟამად ის ძალიან კორუმპირებულია, რომ ნატოში მიღების ღირსი იყოს. რა თქმა უნდა, ალიანსის ასეთი პოზიცია სერიოზული დარტყმა იქნება ვოლოდიმირ ზელენსკისათვის.
„ნატო კიევს დამატებით ძალისხმევას მოსთხოვს მანამ, სანამ მისი ბლოკში მიღების მოლაპარაკებები დაიწყება“, – განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან.

პოზიცია გამოცხადებული იქნება წერილობითი ფორმით ნატოს კომუნიკეში, რომელიც ყოველწლიურ სამიტზე იქნება ხელმოწერილი. „ჩვენ უკან უნდა დავიხიოთ უკრაინის მიღების საკითხში, მაგრამ უნდა მივესალმოთ და მოვიწონოთ ის ყველაფერი, რაც უკრაინამ რეფორმების სახელით გააკეთა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში“, – ამბობს ჩინოვნიკი „დეილი ტელეგრაფთან“ საუბარში, – ამასთან, კიევს უნდა მივუთითოთ, რომ კორუფციასთან ბრძოლა გააძლიერონ. ეს არის ის პრიორიტეტი, რასაც სამიტის მონაწილეები უკრაინის ხელისუფლებისაგან ითხოვენ“.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაბეჯითებით ითხოვს უკრაინის დაჩქარებულ მიღებას ნატოში, ომის დასრულების შემდეგ, რათა ქვეყანა დაცული იყოს რუსეთის განმეორებითი თავდასხმისაგან. თუ უკრაინა ნატოს წევრი იქნება, მისი ასეთი სტატუსის გამო ამერიკა და ევროპა იძულებულნი იქნებიან კიევის გვერდით დადგნენ, ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში.
მაგრამ სწორედ უკრაინული კორუფციის მაღალი დონე გახდა „დაბრკოლების ლოდი“ ამასწინანდელი მოლაპარაკების დროს, როცა ნატოს წევრები განიხილავდნენ საკითხს – შესთავაზონ თუ არა კიევს კონკრეტული გრაფიკი დასავლურ სამხედრო ალიანსში გასაწევრიანებლად.

„დეილი ტელეგრაფმა“ ამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ ბლოკავს დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ქვეყნების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ წერილობითი სახით დაფიქსირდეს უკრაინის „შეუქცევადი გზა“ ნატოში წევრობისათვის.

უკრაინა „გაჟღენთილია“ კორუფციით, განსაკუთრებით იმ სტრუქტურებში, სადაც დიდი ფული ტრიალებს, ანუ შეიარაღებულ ძალებში, საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე მაღალჩინოსანი სამხედრო მოსამსახურე (გენერლები) გაათავისუფლა რიგი კორუფციული ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თავდაცვითი შესყიდვების სფეროში
დიპლომატებმა და ნატოელმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინას იმ რეფორმების ჩამონათვალი წარუდგინეს, რომლებიც მან უნდა განახორციელოს მანამ, სანამ მისი ამბიციები დაკმაყოფილდება ნატოში მიღებაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ვაშინგტონში ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას, დიდი ალბათობით, შესთავაზებენ „კარგად განათებულ ხიდს“ ნატოსაკენ მიმავალ გზაზე, რომელიც კიევს ბრიუსელთან დააკავშირებს.

მოკავშირეები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან იმაზე, განაახლონ თუ არა ის განცხადება, რომელიც უკრაინის შესახებ გასულ წელს ვილნიუსის სამიტზე მიიღეს და მასში, ნატოში მიღების თაობაზე სიტყვა „შეუქცევადი“ ჩაწერონ.

მოსალოდნელია, რომ ვაშინგტონის სამიტზე უკრაინას, სავარაუდოდ, დაჰპირდებიან ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების დამატებით მიწოდებას, ამერიკული „პეტრიოტების“ ჩათვლით.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: