როგორ აპირებს „ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე 60%-ის აღებას? – რას წერს უცხოური პრესა

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“ ) თავის ვებ-საიტზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „როგორ აპირებს „ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე 60%-ის აღებას?“, რომელშიც საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საარჩევნო გეგმებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

მზარდ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის, სანქციების და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების უკიდურესი გაუარესების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველს არწმუნებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

„ოცნების“ რეიტინგი არის ისტორიულ მაქსიმუმზე და სტაბილურად უტოლდება დაახლოებით 60%-ს“ – ეს განცხადება „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, საგაზაფხულო სესიის ბოლო დღეს, ყოველწლიური მოხსენების დროს გააკეთა. ირაკლი კობახიძეს, ისევე როგორც ე.წ „რუსული კანონის“ უხეში ლობირების დროს, არც ამჯერად დაუსახელებია, თუ ვინ და როდის ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ოცნების“ „ამხელა“ რეიტინგის ერთ-ერთი მიზეზი „ოპოზიციის სრული უსუსურობაა“. „თუ წინა არჩევნებზე პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო ხმების დაახლოებით 30%, ამ შემთხვევაში, მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შედეგი არის, 30%-ზე ნაკლები“ – ამტკიცებდა ნახევრად ცარიელ დარბაზში კობახიძე. პრემიერის ყოველწლიურ მოხსენებას არც ოპოზიცია ესწრებოდა, არც აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები.

ბოლო სამ საპარლამენტო არჩევნებში, ივანიშვილის პარტიამ საუკეთესო შედეგი 2012 წელს აჩვენა, როცა ხმების თითქმის 55% მიიღო. 2016 და 2020 წლების, საპარლამენტო არჩევნებში „ოცნებამ“ ხმების 48%-ით იმარჯვა.

საქართველოში არსებული გაზრდილი პოლარიზაციისა და მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რაც “რუსული კანონის” მიღებას მოჰყვა, ექსპერტების აზრით, „ოცნება“ ასეთი პროპაგანდით და მანიპულაციით, საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს.
ანალიტიკოსების აზრით, გადამწყვეტი იქნება, თუ რამდენად დემოკრატიულად გაიმართება 26 ოქტომბრის არჩევნები და გაითვალისწინებს თუ არა „ოცნება“, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების კრიტიკულ შენიშვნებს.

„მთავარია როგორ მივალთ არჩევნებამდე, აქ ბევრი პრობლემური თემაა“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ „საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის” უფროსმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ. მისი თქმით, „რუსული კანონი“ თავისთავად ცხადია პრობლემური იქნება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც, როგორც წესი არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებენ ხოლმე, ეს ერთი. მეორე არის ის, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში უპრეცედენტო განცხადებები გვესმის, რომ მაგალითად, ეუთო/ოდირი არის თურმე არაკომპეტენტური, ვენეციის კომისიას არ სცოდნია სამართალი და ა.შ. ანუ, ხვალ შეიძლება დავდგეთ იმ მოცემულობის წინაშე, რომ ესა თუ ის შენიშვნა, რომელიც შეიძლება არჩევნებთან დაკავშირებით გამოითქვას, ელემენტარულად, შეიძლება ამას ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქციოს და თქვას, რომ ის ამას არ იზიარებს. ყველაზე მთავარი გამოწვევა არის ის, თუ როგორ მივა ქვეყანა არჩევნებამდე და რამდენად შეძლებს ჩაატაროს იმ სტანდარტის არჩევნები, რომელიც ამ სახელმწიფოს სჭირდება“ – ამბობს თენგიზ ფხალაძე.

2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, „ოცნებამ“ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციები მიზანმიმართულად არ გაითვალისწინა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე (ცესკო), პოლიტიკურ გავლენის გაძლიერების მიზნით, ცესკოს ფორმირების წესში და საარჩევნო კოდექსში კრიტიკული ცვლილებები მაინც მიიღო, მათ შორის პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით.
ვენეციის კომისიამ 24 ივნისს, სპეციალურ მოსაზრებაში, ივანიშვილის პარტიის ამ ნაბიჯებს „უაღრესად შემაშფოთებელი“ უწოდა. “უკვე დამტკიცებული ცვლილებები აშკარად არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რომელიც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის” – აღნიშნავს ვენეციის კომისია.

პარალელურად, ქვეყანაში გრძელდება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, სატელეფონო მუქარები და ფიზიკური თავდასხმები, რომლებზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეციალური საგამოძიებო სამსახური მხოლოდ ფორმალურად რეაგირებს, რეალურად, არც კი იძიებს.

პირველ ივნისს, თბილისში, 100-მდე ნიღბიანი ზონდერის მიერ, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის დარბევის შემდეგ, 26 ივნისს, „ოცნების“ ზონდერებმა „ნაცმოს“ ფოთის ორგანიზაციის ოფისიც დაარბიეს. 17 ივნისს, ასევე მორიგ ჯერზე, სასტიკად სცემეს, „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე სტუდენტს ლერი დარჯანიას, მას თბილისში 10-მდე პირი დაესხა თავს. ათობით მსგავსი ცემის და ძალადობის ფაქტი, ამ დრომდე გამოუძიებელია.

„რეპრესიული მანქანა უფრო რომ ამუშავდება ამაზე ორი აზრი არ არსებობს, არჩევნებია მოსაგები“ – მიაჩნია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების მკვლევარს გიორგი ბილანიშვილს. „ოცნება“ შეეცდება აჩვენოს, რომ კანონიც გაიტანა და ზოგიერთ ოპონენტსაც მიუჩინა საკუთარი ადგილი. შეიძლება ფართომასშტაბიანი რეპრესიები არ დაიწყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, სიტუაცია კიდევ გაუარესდება, რამდენად და რა ხარისხით ამის თქმა მიჭირს“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ გიორგი ბილანიშვილმა.

“ოცნების“ ხელისუფლება ჯერ არ გამოხმაურებია ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, 36 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას, სადაც ივანიშვილის პარტიას ერთმნიშვნელოვნად მოუწოდეს, გააუქმოს ე.წ „რუსული კანონი“, შეწყვიტოს ოპონენტების წინააღმდეგ დაშინების კამპანია, დაიცვას გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება“.

წყარო