ევროკავშირში ინტეგრაციას სჭირდება ერთსულოვნება, უკვე მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის საჯარო განცხადება, რომ აქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგი იქნებიან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საპასუხოდ რა ზომები იქნება მიღებული მოლაპარაკებების გახსნის ჭრილში, მომდევნო კვირაში გამოჩნდება.
„ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობაში, ღრმა მწუხარებით უნდა გითხრათ, რომ ურთულეს პერიოდს გავდივართ. არაერთხელ ვთქვით, რომ უცხოური გავლენის შესახებ მოქმედი კანონი არახელსაყრელ ეფექტს მოახდენს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. სამწუხაროდ, ეს მოხდა. მომდევნო კვირაში ევროკავშირი განიხილავს შედეგებს, დისკუსია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება, რამდენიმე დღის შემდეგ კი, ლიდერების დონეზე. პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები განიხილავენ და გადაწყვეტენ, რა ზომებს მივიღებთ საქართველოში ამ მოვლენებზე საპასუხოდ. ამ კანონმა საქართველოს წინსვლის პერსპექტივაზე უდავოდ უარყოფითად იმოქმედა. ამ კანონის მიღებამ გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია. როგორც იცით, ევროკავშირში ინტეგრაცია საჭიროებს ერთსულოვნებას. ჩვენ უკვე მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის საჯარო განცხადებები, რომ ისინი წინააღმდეგი იქნებიან საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების, თუკი ეს კანონი ამოქმედდება, ის უკვე ამოქმედდა და შედეგები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
კითხვაზე, კანონის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის მხრიდან რა ვერსიები განიხილება საქართველოს წინააღმდეგ, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „ეს ითქვა ხმამაღლა და მკაფიოდ ჩემი ხელმძღვანელების მიერ, ევროპული კომისიის პრეზიდენტმაც თქვა, ისევე როგორც უმაღლესმა კომისარმა, მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს. ევროკომისიის სამსახურმა, საგარეო ქმედებათა სამსახურმა, ჩვენ მოვამზადეთ სხვადასხვა ვარიანტი, ეს ჩამონათვალი გავუზიარეთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ისინი გადაწყვეტენ, რა ვარიანტები განახორციელონ. ეს გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნას საგარეო მინისტრების დონეზე ორშაბათს ლუქსემბურგში და შემდეგ 27 ივნისს ევროპული საბჭოს დონეზე – პრეზიდენტების და პრემიერების, რაც ევროკავშირში ყველაზე მაღალი დონეა. მინდა, დავამატო, რომ ეს ხდება უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის კონტექსტში, ზუსტად მომდევნო კვირას. ასე რომ, ძალიან გულდასაწყვეტია იმის ნახვა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაჩერებული, გაყინულია და ამავდროულად, ჩვენ წინ მივიწევთ უკრაინასთან და მოლდოვასთან“.