ტექნოპროტესტი თბილისში: “ზოგიერთებს მხოლოდ იმიტომ იჭერენ, რომ ისინი ლოზუნგებს სკანდირებდნენ”- Tagespiegel

„თბილისის ტექნოკლუბი „ბასიანი“ მსგავს კლუბებს შორის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. ამჟამად კლუბის კოლექტივი მხარს უჭერს საპროტესტო აქციებს, რომლებიც „უცხოური აგენტების კანონის“ წინააღმდეგ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარეობს“, – ნათქვამია გერმანული გაზეთის „ტაგესშპიგელის“ (Der Tagespiegel) პუბლიკაციაში, სათაურით: „ტექნოპროტესტი თბილისში: „ზოგიერთებს მხოლოდ იმიტომ იჭერენ, რომ ისინი ლოზუნგებს სკანდირებდნენ“, რომელშიც ჟურნალისტი ნიკოლას პოტერი „ბასიანის“ აქტივისტს გიორგი კიკონიშვილს ესაუბრება.

გთავაზობთ ინტერვიუს ტექსტს შემოკლებით:

– გიორგი, საქართველოში ბევრი ადამიანი უკვე მეორე თვეა ქუჩაში გამოდიან და „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო. რა როლს ასრულებს ამ პროტესტებში საკლუბო სცენა?

– საქართველოს მუსიკალური საზოგადოება, ყველა საკლუბო სცენა, განსაკუთრებით ელექტრონული მუსიკის მოყვარულები ხმამაღლა გამოვიდნენ ამ კანონის წინააღმდეგ. პროტესტში ყველა კლუბი, ბარი, ფესტივალი, საკონცერტო დარბაზი და არტისტთა კოლექტივი მონაწილეობს: რამდენიმე დღის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ ერთობლივი განცხადება, რომელშიც მთავრობის მოქმედება გავაკრიტიკეთ. ამ მხრივ ჩვენი კლუბი აქტიურ როლს ასრულებს და ახალგაზრდების მობილიზებას ახდენს. ასე იყო გასულ წელსაც, როცა მთავრობამ „აგენტების კანონის“ პირველი ინიცირება განახორციელა – ახალგაზრდები ქუჩაში ერთმანეთს ცნობდნენ, ვისაც ვისთან ოდესმე საცეკვაო სცენაზე უცეკვია.

– „ბასიანმა“ Instagram-ში ჩაწერა, რომ კლუბის გუნდის რამდენიმე წევრი პოლიციამ დააპატიმრაო. რის საფუძველზე?

– ამჟამად ყველა გათავისუფლებულია, მაგრამ სულ უფრო აშკარა ხდება, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას არ ადარდებს, კანონიერია თუ არა დემონსტრატნტების დაკავება. ზოგიერთებს მხოლოდ იმიტომ იჭერენ, რომ ისინი ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ეს ნამდვილად თვითნებობაა.

– „აგენტების კანონის“ მიზანი, როგორც ცნობილია, არის ის, რომ საქართველოში თავიდან იქნას აცილებული „საზღვარგარეთის გავლენა“ და ეხება პირველ რიგში იმ მასმედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს., რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. რატომ არის ამ კანონის კატეგორიულად წინააღმდეგი კლუბი „ბასიანი“?

– ეს კანონი გამოგონილი და შექმნილია რუსეთში და ახლა რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ვრცელდება. მისი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ პირი აუკრან და ბაგე დაუხშონ ხელისუფლების კრიტიკოსებს. ამრიგად, „ქართული ოცნების“ მთავრობა ცდილობს ქვეყანაში რუსული ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს. ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენც გვეხება, განსაკუთრებით საკლუბო სცენას.

– „ბასიანი“ [ქართულ] ჰომოფობიურ საზოგადოებაში ჰომოსექსუალისტების მიმართ მეგობრულადაა განწყობილი. როგორ მუშაობთ ასეთ სიტუაციაში?

– „ბასიანი“ 2014 წელს გაიხსნა და მას შემდეგ კლუბს მაღალი საერთაშორისო რეპუტაცია აქვს. „ბასიანის“ თავდაპირველ მიზნებს საზოგადოების სოციალურ-კულტურული ცვლილება წარმოადგენდა. ჩვენი სამი მთავარი ფასეულობა: თანასწორობა, თავისუფლება, სოლიდარობა. რაც დრო გადიოდა, კლუბი მრავალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობების ბაზა ხდებოდა, პირველ რიგში „ქვიარ“-ის, ფემინისტებისა და „მწვანეთა“ მოძრაობებისათვის. ჩვენს მიზნებში შედის აგრეთვე თანამოაზრეთა გაერთიანების ჩამოყალიბება, რომელშიც თავს მოიყრიდნენ სხვადასხვა სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ფენებიდან გამოსული ადამიანები. „ბასიანში“ ჰომოფობები გეებს ხვდებიან და მათთან მეგობრობენ.

საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჰომოფობური იმიჯი აქვს.  ჰომობოფია განსაკუთრებით ბოლო წლებში გაძლიერდა, თუმცა საზოგადოებაში რაღაც-რაღაცეები იცვლება. სხვათა შორის, ყოველ შაბათ-კვირას თბილისში რამდენიმე „ქვიარ-საღამო“ ტარდება, რომლებშიც ათასობით სტუმარი მონაწილეობს. დღეს თითქმის ნახევარი საქართველო თვლის, რომ „ლგბტ“-პირებს საჯარო დემონსტრაციების უფლება აქვთ. ხუთი ან ათი წლის წინათ მხარდაჭერა ბევრად ნაკლები იყო.

– მარტში მთავრობამ „ლგბტ“-საზოგადოების შესახებ კანონი მიიღო. „ბასიანმა“ ეს გადაწყვეტილებაც გააკრიტიკა…

– სხვათა შორის, ეს კანონიც ჯერ რუსეთში მიიღეს. საქართველოს კონსერვატიული მთავრობა ჰომოფობიურ პოლიტიკას შიშის ჩასანერგავად იყენებს, ანუ ყველაფერის ასლს კრემლისაგან იღებს და მოსკოვის არგუმენტებით სარგებლობს.

– საერთაშორისო მასმედიის ცნობით, კლუბი „ბასიანი“ რუსეთის მოქალაქეებისათვის დახურულია. ეს სიმართლეა?

– არა, ეს არასწორია. უკრაინაში 2022 წლის თებერვალში რუსეთის ჯარის შეჭრის შემდეგ, სულ რაღაც რამდენიმე დღეში, ათეულ ათასობით რუსი მოქალაქე საქართველოში გამოიქცა. თბილისი რუსებით იყო სავსე, მათ შორის – კლუბებიც. ყველაფერზე გრძელი რიგები დადგა. ჩვენ არ გვინდა, რომ სტუმრებმა ჩვენი კლუბის სახით მხოლოდ გასართობი ადგილი და რაიმე ღირსსესანიშნაობა დაინახონ, მათ ჩვენი ფასეულობები და მუსიკისადმი ჩვენი სიყვარული უნდა გაიზიარონ. არავის უარყოფა არ მომხდარა მხოლოდ იმიტომ, რომ ის რუსი ეროვნებისაა.

– ბევრ უკრაინელ ახალგაზრდა მამაკაცს ამჟამად ქვეყნის გარეთ გასვლა ეკრძალება, ისინი არმიაში გაწვევას და ფრონტზე გაგზავნას ელოდებიან. რა გრძნობას იწვევს თქვენში ის ფაქტი, რომ საქართველოში ბევრი რუსი ჩამოდის და დროს ატარებს?

– რა თქმა უნდა, ეს არასასიამოვნო გრძნობას იწვევს.

– რას იტყვით ნარკოტიკებთან დაკავშირებით? 2018 წელს საქართველოში კანაფისის მოხმარების დეკრიმინალიზება მოხდა. ხდება თუ არა მკაცრი ნარკოპოლიტიკის გადაფასება შერბილების მიმართულებით?

– რაც შეეხება სხვა ნარკოტიკებს, მართალია, მათ მიმართ სამართლებრივი მიდგომები არ შერბილებულა, მაგრამ საზოგადოების ხედვა უკვე შეიცვალა. დღეს უკვე იმდენს აღარ იჭერენ, როგორც ადრე, თუმცა [პოლიციას] ნარკოტიკის გამოყენება ვინმეს დაჭერის გამართლებისთვის ისევ შეუძლია და როცა სურთ, ამით მაშინ ისარგებლებენ.

– 2018 წელს „ბასიანში“ სამართალდამცველების მასშტაბური რეიდი ჩატარდა – კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელები კლუბში შეიჭრნენ და 60 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, კლუბის დამფუძნებლებიც. ოფიციალური ვერსია: აბსოლუტური შეუწყნარებლობა ნარკოტიკების მიმართ. მოხდა თუ არა მას შემდეგ მსგავსი მოვლენები ან ჩხრეკები თუ ჩატარდა?

– ჯერ-ჯერობით არა, მაგრამ „აგენტების შესახებ კანონის“ მიღებით საქართველოში ავტორიტარულ რეჟიმი დამყარდა. კლუბები ნებისმიერ შემთხვევაში შემდეგი სამიზნე გახდება – იმიტომ, რომ კლუბები ჩვენი საზოგადოებისათვის თავისუფლების სივრცედ რჩებიან, სადაც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან და მათი პოლიტიზება ხდება. ასე რომ, თუ ვინმეს კრიტიკის ჩახშობა სურს, ახლა უკვე ის კლუბებიდან დაიწყებს. 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: