“კავკასიელი ტყვე: საქართველოს მთავრობა რუსეთისაკენ იხრება, პროდასავლურად განწყობილი ქართველები კი უძლურნი არიან მის შესაჩერებლად”-The Economist

ბრიტანული ცნობილი და გავლენიანი ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) 1-7 ივნისის ნომერში ქვეყნდება სტატია სათაურით: “კავკასიელი ტყვე: საქართველოს მთავრობა რუსეთისაკენ იხრება, პროდასავლურად განწყობილი ქართველები კი უძლურნი არიან მის შესაჩერებლად”, რომელშიც განხილული და გაანალიზებულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე მომხდარი მოვლენები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ქუჩებში არც რუსული ტანკების ხრიგინი არ ისმის და ცას არც რუსული თვითმფრინავები არ სერავენ – ისე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის დროს ხდებოდა, როცა კრემლი თავს დაესხა თავის ყოფილ იმპერიულ ვასალს. მაგრამ საქართველო ჯერ კიდევ დგას ისეთი საშიში საფრთხის წინ, რომელიც მის არსებობას ემუქრება. ბრძოლამ საბჭოთა წარსულსა და სავარაუდო ევროპულ მომავალს შორის უკვე გააპარტახა უკრაინა, რუსეთში კი დიქტატორული რეჟიმი გააბატონა. ახლა იგივე პროცესი ვრცელდება კავკასიაშიც და საქართველოს დემოკრატიას, მის დამოუკიდებლობას და ევროატლანტიკურ სწრაფვას ემუქრება.

საქართველო, რომელიც ოდესღაც დემოკრატიის შუქურა სა დასავლეთის ერთგულ მოკავშირეს იცნობდნენ, ახლა რუსეთის გავლენის სფეროში შედის და დასავლეთს შორდება – არა რუსი ჯარისკაცების, არამედ საკუთარი მმართველის – განდეგილი ბიზნესმენის მიერ, რომელსაც სახელად ბიძინა ივანიშვილი ჰქვია. მან თავისი მილიარდები 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, საქართველოს კი 2012 წლიდან მართავს, ძირითადად კულისებიდან, პარტია „ქართული ოცნების“ მეშვეობით, რომელიც თვითონ დააარსა.

ათი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი აგრძელებდა დემოკრატიისადმი  ერთგულების პრეტენზიებს და ფრთხილ ხაზს ატარებდა რუსეთსა და დასავლეთს შორის. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კი მან თავისი ბედი ისევ რუსეთს დაუკავშირა და ღიად შეაქცია ზურგი დასავლეთს, რომელსაც იგი „გლობალური ომის მხარედ“ თვლის. საქართველო  დათანხმდა მოსკოვის წინადადებას და კვლავ აღადგინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, გარდა ამისა, თავის ჩრდილოელ მეზობელს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება, რაც რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის ზრდაში აისახა. იმავდროულად მუზარადებით დაცული პოლიცია და ხელისუფლების მომხრე პირები თავს ესხმიან დასავლეთზე ორიენტირებულ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ პროტესტის ნიშნად. დღემდე მთავრობა თავის ხელისუფლებას ახორციელებს.

ამჟამინდელი კრიზისი მიზეზია მთავრობის მიერ ინიცირებული და მიღებული კანონპროექტი, რომელსაც ოპონენტები „რუსულ კანონს“ უწოდებენ და რომელიც, მათი აზრით, ვლადიმერ პუტინის ლექსიკონიდან არის გადმოღებული. „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს და თუ ისინი საზღვარგარეთიდან თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტ ფინანსურ დახმარებას იღებენ, ის იუსტიციის სამინისტროში უცხოეთის გავლენის გამტარებელ იურიდიულ პირად უნდა დარეგისტრირდეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა კანონის ხელმოწერაზე და ვეტო დაადო, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც პარლამენტი უმრავლესობა აქვს, ვეტო გადალახა – ეს ხდება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩატარდეს.

საქართველოში დემოკრატია ემყარება არა ძლიერ ინსტიტუტებს, ოპოზიციურ პარტიებს ან დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, არამედ აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ხშირად დასავლეთიდან ფინანსდებიან და რომლებიც ხელისუფლების მიმართ ერთგვარი საპირწონის (ბალანსის) როლს ასრულებენ. როგორც ვენეციის კომისიამ განაცხადა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ბევრ მათგანს შეუზღუდავს საქმიანობას, იარლიყებს მიაწებებენ, მოახდენენ მათ სტიგმატიზაციას, ისინი ვერ გაუძლებენ ჯარიმების გადახდას და დაიხურებიან. დაზარალებულთა შორის შეიძლება აღმოჩნდნენ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები – საერთაშორისო რესპუბლიკური და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტები – აშშ-ის მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაციები. არ არის გამორიცხული, რომ ბიძინა ივანიშვილმა კანონი არჩევნების შედეგების მანიპულირებისთვისაც გამოიყენოს.

„უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის გარდა, არის კიდევ ერთი სამართლებრივი აქტი, რომელმაც საქართველო შეიძლება ოფშორულ ზონად გადააქციოს, სადაც ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობრებს შეუძლიათ აქტივების მიზიდვა მთელი მსოფლიოდან, მათ შორის რუსეთიდანაც. „ასეთი კომბინაციით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს საქართველო კერძო [საკუთრებად] გადააქციოს“, – ამბობს დავით ზედელაშვილი, თბილისელი ადვოკატი.

ბოლო დროს მიღებული კანონები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე პრობლემებს უქმნის და არაა გამორიცხული, რომ ასეთი კანონებით ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღმა აღმოჩნდეს – მიუხედავად იმისა, რომ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული.

ჯერ-ჯერობით სისხლი არ დაღვრილა

საპროტესტო აქციებს, რომლებშიც ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობს, მშვიდობიანი ხასიათი აქვთ. ქართველი ახალგაზრდები რევოლუციონერობას არ ამჟღავნებენ. ამასთან, ევროკავშირის დროშები, ,რომლებსაც ისინი აფრიალებენ, ის ქართული სიმღერები, რომლებსაც მღერიან და ის ცეკვები, რომლებსაც ისინი ასრულებენ, მათ პოლიციის ხელკეტებისა და ცრემლმდენი გაზისაგან ვერ იცავს. აქციის მონაწილეებს ასევე თავს ესხმიან უცნობი პირები, რომლებიც მათ საცხოვრებელ სახლებთან ხვდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან.

ბიძინა ივანიშვილს დასავლეთის კრიტიკა არ ადარდებს. 14 მაისს, თბილისს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა მასთან შეხვედრაზე უარი თქვა. სავარაუდოდ, აშშ სანქციებს დააწესებს იმ ქართველი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის მიღებაში. ვაშინგტონი ასევე გადახედავს ფინანსურ დახმარების გაწევას საქართველოსადმი, მათ შორის ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიმართ.

ამერიკა დილემის წინაშე დგას: საქართველო ხომ მისი მოკავშირე იყო ბევრ საომარ ოპერაციებში – ქართველი ჯარისკაცები ამერიკელების მხარდამხარ იბრძოდნენ ერაყში და ავღანეთში. „იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილი  დასავლური გზიდან უხვევს, ქართველი სამხედროები და ქართული სადაზვერვო სამსახურები ისე არიან დაინტერესებულნი ამერიკასთან კავშირებით, როგორც არასდროს“, – აღნიშნავს ერთ-ერთი დასავლელი ჩინოვნიკი.

საქართველოს დასავლეთთან დაპირისპირების გაღრმავება ვლადიმერ პუტინისათვის გამარჯვების ტოლფასი იქნებოდა. ასევე ეს იქნებოდა ნატოს დამცირება მისი შექმნის 75-ე წლისთავის ფონზე. თუმცა რუსეთის პრეზიდენტის გეგმები საქართველოს მიმართ სიმბოლიკის ჩარჩოებს სცილდება. კრემლი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში – აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზას ქმნის თავისი შავი ზღვის ფლოტისთვის, რომელიც უკრაინის არმიამ ყირიმის ნახევარკუნძულიდან გააძევა.

ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა ცდილობს საქართველოსა და მის ორ სეპარატისტულ რეგიონს – აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის (რომელსაც ასევე კრემლი აკონტროლებს) რაღაც კონფედერაციული ფორმის მქონე კავშირი შექმნას. ამ იდეამ გამოცდა გაიარა  (თუმცა წარუმატებლად) დონბასში 2014 წლის კონფლიქტის დროს, როცა რუსეთმა უკრაინის მიმართ ბარიერები ჩაიფიქრა (სეპარატიზმის ხელშეწყობის სახით) და ვეტოს უფლების მიღება სურდა კიევის ევროპული ტრაექტორიისათვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მმართველი პარტიის ქართული ოცნების“ მთავრობის ლიდერმა, რომელსაც ქვეყანა კრემლისაკენ მიჰყავს, დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე გამოსვლის დროს მოსახლეობას დაპირდა, რომ 2030 წელს „ქართველები თავიანთ აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად იცხოვრებენ“. მაგრამ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის დაპირებათა ფონზე, „ქართული ოცნება“ ფართო ნაბიჯებს დგამს, რომ შედეგები დაპირებების საწინააღმდეგო იყოს.

წყარო: