„კოჭლი იხვები“ მაკრონი და შოლცი ცდილობენ, რომ ევროკავშირის მართვა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგაც გააგრძელონ” – რას წერს უცხოური პრესა

„მიიწ-მოიწიეთ, პარიზო და ბერლინო. ევროპის პოლიტიკის არენაზე ევროლიდერების ახალი შემადგენლობა მოდის, პოზიციების დასაკავებლად. შესაბამისად, კონტინენტის საჭესთან  თქვენი დგომის დრო, სავარაუდოდ, დასასრულს უახლოვდება“, – ასეთი საკმაოდ შთამბეჭდავი დასაწყისი აქვს სტატიას, რომელსაც აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (ოფისი – ბრიუსელში) ბეჭდავს, სათაურით „კოჭლი იხვები“ მაკრონი და შოლცი ცდილობენ, რომ ევროკავშირის მართვა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგაც გააგრძელონ, მაგრამ ფრანგულ-გერმანული ძრავა უკვე შეფერხებით მუშაობს“ (ავტორი – ნიკოლას ვინოკური).

„ევროპის პარლამენტის არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა. სამშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბერლინში ჩავიდა, რომ ფრანგულ-გერმანული ერთიანობის დემონსტრირება მოახდინა. ერთ-ერთი ფრანგი ჩინოვნიკის თქმით, პარიზმა და ბერლინმა დღის წესრიგი უნდა შეიმუშაონ და სტრატეგიული პრიორიტეტები უნდა დასახონ ევროპის მომავლისათვის, საკანონმდებლო ორგანოს მოახლოებული არჩევნების ფონზე.

პრობლემა იმაშია, რომ ევროპა დარწმუნებული არ არის. გაჩენილია კითხვა: შეასრულებს თუ არა მთავარ როლს სამომავლოდაც ლეგენდარული ფრანგულ-გერმანული მოტორი – ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის სახით?

ეჭვები არამარტო იმით იბადება, რომ ფრანგ და გერმანელ ლიდერებს ერთმანეთთან, როგორც ცნობილია, საკმაოდ ცივი პირადი ურთიერთობები აქვთ და არც იმით, რომ პარიზში და ბერლინში ოფიციალური პირები ერთმანეთს დიდი ენთუზიაზმით ლანძღავენ – ფრანგები გერმანელებს ვიწრო აზროვნებაში და კოალიციებისადმი მიდრეკილებაში ადანაშაულებენ, გერმანელები კი ფრანგებს – უკრაინის მიმართ ბოდვაში და უაზრო მოქმედებაში. საქმე არც იმაში არ არის, რომ გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციები ენერგეტიკის საკითხში ერთმანეთისგან ფრიად განსხვავებულია.

ევროპისათვის ახალი რისკი იმაში გამოიხატება, რომ ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი სულ უფრო ემსგავსებიან „კოჭლ იხვებს“ თავიანთი ევროპელი კოლეგა-ლიდერების თვალში. ისინი საშინაო ფრონტზე პოლიტიკური თვალსაზრისით, დასუსტებულებად გამოიყურებიან  და ვეღარ შთააგონებენ თანამემამულეებს, რომ სწორედ ისინი უნდა დარჩნენ კონტინენტის მესაჭეებად. 

ორივე ქვეყნის ეკონომიკა სუსტდება. ორივე ქვეყნის ხელისუფლება ზედიზედ მარცხდება უკიდურესი მემარჯვენე პარტიების მიერ ევროპარლამენტის არჩევნების წინ, რომელიც 6-9 ივნისს უნდა გაიმართოს. საფრანგეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული პარტია „აღორძინება“ დამარცხდება, ხოლო მარინ ლე პენის ნაციონალისტური „ეროვნული გაერთიანება“ გაიმარჯვებს. ასევე ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატები დამამცირებელ მესამე ადგილს იკავებენ, ხოლო უკიდურესად მემარჯვენეები – პირველ-მეორე ადგილს.

ეკონომიკური და პოლიტიკური სისუსტე, ასევე პირადი გულგრილი ურთიერთობა ქმნის ისეთ შხამიან ნარევს, რომლის შედეგად ორივე ლიდერის პოპულარობა სერიოზულად არს დაცემული. ისინი ვერ გაიყვანენ თავიანთი ქვეყნების წარმომადგენლებს ევროკავშირის მმართველ სტრუქტურებში ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ამიტომაც ლაპარაკი იმაზე, რომ მაკრონი და შოლცი ძველებურად ევროკავშირის კურსის განმსაზღვრელები იქნებიან, სრულიად უსაფუძვლო და უადგილოა. „ნუთუ ისინი სერიოზულად ფიქრობენ, რომ მთელ ევროპას ძველებურად უკარნახებენ პირობებს?“, – ამბობს Politico-სთან საუბარში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ბრიუსელიდან.

იმ დროს, როცა პარიზი და ბერლინი გავლენის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგანან, ევროკავშირის სხვა ლიდერები თავიანთი გავლენის გაძლიერების შესაძლებლობას ხედავენ. უკრაინის ომისა და ფრანგულ-გერმანული ღერძის დასუსტების ფონზე ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, კაია კალასი ესტონეთიდან და ჯორჯა მელონი იტალიიდან, ევროკავშირის არენაზე საკმაოდ წონიან და გავლენიან მოთამაშეებად გადაიქცნენ.

იტალია ძველებურად არარ იჩანცალებს გერმანიისა და საფრანგეტის უკან, იტალია ლიდერი იქნება“, – განაცხადა ორშაბათს პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ Rai Radio 1-ის ეთრეში, – თუ ყველა იტალიელი გვერდში დამიდგება და დამეხმარება, ჩვენ ევროპას აუცილებლად შევცვლით“.

მართლაცდა, დღეს ჯორჯა მელონის კარგი შანსები აქვს ევროპის დედოფალი იყოს ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ – იმ დროს, როცა გერმანელ ურსულა ფონ დერ ლაიენს დიდი ძალისხმევა ჭირდება დაარწმუნოს არამარტო ევროსაბჭო, არამედ ევროპარლამენტიც თავის თანამდებობის შესანარჩუნებლად ევროკომისიაში.

იტალიელ სენიორა ჯორჯა მელონთან თბილი ურთიერთობა აქვს ფრანგ მადამ მარინ ლე პენს, რომელმაც რომაელი ლიდერი პარიზში მიიწვია გაერთიანებისა და ერთიანი ფრონტით გამოსვლისათვის ევროპის პარლამენტში. მაკრონის ცენტრისტებს ამ გაერთიანებისათვის ხელის შეშლა არ შეუძლიათ.

რაც შეეხება პოლონეთს, ევროკავშირის მაღალჩინოსნები ხაზს უსვამენ, რომ დონალდ ტუსკი ისეთ პოლიტიკოსს წარმოადგენს, რომელიც ანგარიშიგასაწევია. მის აქტიურობა ჩანს ე.წ. „ვაიმარის სამკუთხედის“ აღორძინებაში – პარიზის, ბერლინისა და ვარშავის შემადგენლობით, თუმცა თუ პარიზი და ვარშავა ერთმანეთის მოქიშპეები იქნებიან ევროკავშირის ძირითად ინსიტუტებში, მაშინ „სამკუთხედის“ მომავალი საკამათო იქნება.

.რასაკვირველია, ევროპულ პოლიტიკაში ფრანგულ-გერმანული დისფუნქციის გამო გარკვეული ფასი იქნება გადასახდელი. როგორც ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა გაიხუმრა (მან ანონიმად დარჩენა ისურვა, მაგრამ ვიტყვით, რომ საშუალო ზომის ევროპული ქვეყნიდან არის), „ჩვენ არ მოგვწონს, როცა ფრანგულ-გერმანული წყვილი ძლიერია, მაგრამ ასევე არ მოგვქონს, როცა ისინი ძალიან სუსტდებიან – იმიტომ, რომ მათ გარეშე არაფერი კეთდება“.

წყარო