26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.
1917 წლის რუსეთში მომხდარ ბურჟუაზიულ რევოლუციას მონარქიის დამხობა და იმპერიის დაშლა მოჰყვა. საქართველოში ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა.
ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჟორდანია.
1918 წლის 26 მაისს მიღებულ იქნა “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი”, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: “მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველი მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო, საქართველო მტრისაგან დაეცვა. რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია. “დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკაკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.
ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბრის 22-ს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, დღეს აცხადებს:
დამოუკიდებლობის აქტი1)ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
2)დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა.
3)საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
4)საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი – მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.
5)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
6)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.
7)დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.
საქართველოს დამოუკიდებლობას იმთავითვე მტრულად შეხვდა ბოლშევიკური რეჟიმი, რომლის მიზანს წარმოადგენდა რუსეთის ყოფილი იმპერიის აღდგენა. 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. იმავე წლის 26 მაისს კი, საქართველომ პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია აირჩია.