“დიდი შებრუნება კავკასიაში: რა ხდება საქართველოში?”-უცხოური პრესა

უკრაინის ინტერნეტ-გაზეთი „სტრანა“ (Страна) აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „დიდი შებრუნება კავკასიაში: რა ხდება საქართველოში?“, რომელშიც გაანალიზებულია თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო ანტისამთავრობო აქციების მიზეზები, ქართული ამჟამინდელი პოლიტიკის ანატომია და პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოვლენები, რომლებიც პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ („უცხოური აგენტების“) კანონპროექტის მიღებას უკავშირდება, სრულიად ამოვარდნილია საქართველოს რეალური ხელმძღვანელის, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოქმედების საერთო სტრატეგიიდან, რომლის რეალიზება მან ხელისუფლებაში ყოფნის 12-წლიან პერიოდში განახორციელა.

დღემდე ქართველი მილიარდერის სტრატეგიას „მრავალვექტორულის“ სახელი ჰქონდა, თანაც პროდასავლური გადახრით. რუსეთთან ურთიერთობა შედარებით ნორმალური გახდა (მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან შედარებით), მაგრამ მას მოკავშირულს და მეგობრულს ვერ ვუწოდებთ:
საქართველოს ოფიციალური საგარეო პოლიტიკური კურსი ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ არის მიმართული.
და უცებ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღება, რომელიც საქართველოს ევროპულ კურსს მთლიანად ამსხვრევს. ფაქტობრივად, ეს არის დასავლეთის პირდაპირი გამოწვევა საქართველოს ხელისუფლების მიერ. რა მოხდება, როცა კანონპროექტი კანონი გახდება? (მართალია, პრეზიდენტმა მას ხელი არ მოაწერა და ვეტო დაადო, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო უმრავლესობის წყალობით, ვეტოს გადალახვა შეუძლია). სავარაუდოდ, საქართველოს ევროსაბჭო გაუუქმებს ევროკავშირში წევრად მიღების კანდიდატის სტატუსს და შეუზღუდავს ფინანსურ მხარდაჭერას როგორც ევროპის ფინანსური სტრუქტურებიდან, ასევე საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან (ვთქვათ, სავალუტო ფონდიდან).
ანუ ეს იქნება ძალზე მკვეთრი შებრუნება, რაც საქართველოს სერიოზული პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური რყევებით ემუქრება. იბადება კითხვა: რატომ და რა მიზნით გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა ასე მოქცეულიყო? საქართველოს პოლიტიკურ წრეებში ამასთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს:

პირველი – ტაქტიკური: კანონპროექტის მიღებით ბიძინა ივანიშვილი დასავლეთს აშანტაჟებს, რათა ბრიუსელმა თბილისის მიმართ პრობლემური საკითხები მოხსნას: ვთქვათ, შეწყვიტოს მხარდაჭერა ოპოზიციისადმი, შეამციროს ზეწოლა საქართველოს-რუსეთის ურთიერთობის საკითხში, დაიწყოს მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. ამ ვერსიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი თანახმაა სკანდალური კანონი „თაროზე შემოსდოს“ აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის სანაცვლოდ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტზე უარის თქმა შეიძლება ხელისუფლების დამარცხებად იქნას აღქმული და ამით, ალბათ, „ქართული ოცნების“ შიდაპოლიტიკური პოზიციები შესუსტდება. ამიტომაც საეჭვოა, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრი მხოლოდ ბანალურ შანტაჟში გამოიხატება.

მეორე ვერსია – სტრატეგიული: ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო საგარეო პოლიტიკური კურსის გრძელვადიანი ცვლილება რუსეთთან ფაქტობრივი კავშირისაკენ. ამ ვერსიას აქტიურად მხარს უჭერენ ოპოზიციონერები, რომელთა შორის დიდი ხანია ვრცელდება თეორია – თითქოსდა ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებელი ფიგურა არ არის, ის „კრემლის აგენტია“ და მოსკოვის ნებას ასრულებს. შესაბამისად, მისი ბრძანებები არავინ არ უნდა შეასრულოს.

ხელისუფლებასთან ახლოს მყოფ პოლიტიკურ წრეებში ამ ყველაფერს უარყოფენ, მათ აქვთ „ქართული ოცნების“ კურსის მკვეთრი ცვლილების განმარტება: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს და მის თანამებრძოლებს განუმტკიცდათ აზრი, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას შეეცდება, რუსეთისათვის „მეორე ფრონტის“ გახსნის მიზნით, მათ შორის მოქმედი კანონიერი ხელისუფლების დამხობის გზით. ამის გამო თბილისის რიტორიკა მკვეთრად შეიცვალა.: სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები საქართველოსთვის „უკრაინული სცენარის“ საფრთხის შესახებ, რომ შეიძლება „მაიდანი“ მოხდეს და თვით შეიარაღებული გადატრიალებაც კი. სწორედ ამიტომ ცდილობს ბიძინა ივანიშვილი ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლას. მას მკაფიოდ აქვს გაცნობიერებული, რომ კანონპროექტის მიღებით დასავლეთთან ურთიერთობები გაუარესდება და, პრინციპში, სურს კიდეც. შემდეგ საქართველო კურსს აიღებს რუსეთთან ოფიციალური დაახლოების მიზნით. დასავლურ დაფინანსებას რუსეთიდან და ჩინეთიდან მიღებული ფული ჩაანაცვლებს… თუმცა ყველაზე მთავარი მომენტი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილმა ასეთი ნაბიჯი გადადგა, სავარაუდოდ, არის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ პრობლემის მოგვარება.

ხმები, რომლებიც დიპლომატიურ წრეებში ცირკულირებენ, თბილისის კურსის ცვლილების სანაცვლოდ, კრემლს შეუძლია დათანხმდეს ორი „დამოუკიდებელი რესპუბლიკის“ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას – განსაკუთრებული სტატუსით და ძალიან ფართო უფლებებით, ფაქტობრივი კონფედერაციის ფორმატით. ამგვარად, ბიძინა ივანიშვილი გამოაცხადებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ბევრ ბონუსს მიიღებს მოსკოვიც: მისი გავლენის სფეროში მოექცევა კავკასიის საკვანძო სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე გადის უმნიშვნელოვანესი ლოჯისტიკური საერთაშორისო კომუნიკაციები – ცენტრალური აზიიდან და ჩინეთიდან თურქეთისაკენ და ევროპისაკენ: ნავთობისა და გაზის საექსპორტო მილსადენები, რკინიგზები და ავტომაგისტრალები და ა.შ. გამორიცხული არ არის რუსეთიდან სომხეთისაკენ ოდესღაც არსებული პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, ირანის ჩათვლით – ანუ გაჩნდება პირდაპირი სახმელეთო დერეფანი რუსეთიდან ირანისაკენ (ინდოეთის ოკეანის ნავსადგურების გამოყენებით) და პირიქით.
თბილისის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება გარდაუვალ გავლენას მოახდენს სომხეთის გეოპოლიტიკურ კურსზეც, რომელიც ამ შემთხვევაში მთლიანად გარშემორტყმული აღმოჩნდება მტრულად განწყობილი ქვეყნებით (თურქეთით და აზერბაიჯანით) და რუსეთის მოკავშირეებით (საქართველოთი და ირანით). და მთავარი – რუსეთი ასეთი პოლიტიკის გატარებით შეეცდება იმის დემონსტრირებას, რომ მხოლოდ მას შეუძლია იყოს პოსტსაბჭოთა სივრცეში მდებარე სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გარანტი – მათთვისაც კი, ვის წინააღმდეგაც ადრე იბრძოდა.

მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენად პოზიტიურად იმუშავებს საქართველოს ამგვარი შებრუნების სცენარი (თუ ის მართლაც აქვთ რეალურად ბიძინა ივანიშვილს და მოსკოვს). დასავლეთი მას დიდ წინააღმდეგობას გაუწევს, თანაც ორივე მხრიდან არის მოსალოდნელი ხისტი ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მისი „გადაბირების“ მცდელობები.

ალბათ, ოპოზიციაც მასშტაბურ პროტესტებს გააგრძელებს და აქცენტს საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთებს, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს: ფსონი მხოლოდ გამარჯვებაზე იქნება დადებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილსაც ექნება ხელისუფლების შენარჩუნების გეგმა. ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლა სასტიკი იქნება: ფსონები უკიდურესად დიდია.

წყარო: