ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი – მტრობაა, როდესაც დასავლეთი რევოლუციურ სცენარს აფინანსებს! მტრობაა, როდესაც დასავლეთი სხვადასხვა ორგანიზაციებს აფინანსებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული პოლარიზაციაში! ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები! – ეს განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.
როგორც კალაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პირველ რიგში მიღებულია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
„ჩვენ თუ დავაკვირდებით, ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, საიდან ფინანსდება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები – არის დასავლეთის სხვადასხვა ორგანიზაციების, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული. შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს!
ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, საიდან ფინანსდება ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება დასავლეთიდან შემოსული თანხები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველო საიმედო პარტნიორია, რაც არაერთხელ დადასტურდა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმეებით.
„ახლაც მზად ვართ ეს ურთიერთობა, ეს დამოკიდებულება გავაგრძელოთ. ეს არის ქართველი ხალხი განწყობა, მაგრამ ის რომ ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს, ისეთი რამ გაგვაკეთებინოს, რაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ეს ჩვენთვის მიუღებელია“, – აღნიშნა კალაძემ.