დემოკრატიის დასაცავად, აშშ-მა, შესაძლოა, ქართველ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს -Politico

დემოკრატიის დასაცავად, აშშ-მა, შესაძლოა, ქართველ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

ამერიკული გამოცემა წერს, რომ, მათ მიერ მოპოვებული კანონპროექტის მიხედვით, სანქციების სამიზნე იქნებიან როგორიც მმართველი პარტიის კანონმდებლები და სამართალდამცავები, ასევე ქვეყანაში მოქმედი სავარაუდო რუსი აგენტებიც.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი დაავალდებულებს ამერიკელ მაღალჩინოსნებს, მიაწოდოს ინფორმაცია კონგრესს „საქართველოში არსებული არასათანადო პოლიტიკური გავლენების, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის თაობაზე“; ასევე, ქვეყანაში მოქმედი სავარაუდო რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ.

„პოლიტიკოს“ ცნობით, კანონპროექტი აშშ-ის ხელისუფლებას მისცემს მანდატს, სანქციები დააწესოს „მთავრობის ოფიციალური პირებისა და სხვების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა ან უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრასა და დაზიანებაში“. აშშ-ში მოგზაურობა შეეზღუდებათ იმ პოლიტიკოსებს და მათი ოჯახის წევრებს, ვინც პასუხისმგებელია „რუსული სტილის კანონის მიღებაზე“.

გამოცემის ცნობით, სანქციები ასევე შეეხება ქართველ სამართალდამცავებს და უსაფრთხოები სამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობდნენ. „პოლიტიკო“-ს ინფორმაციით, პროექტში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ სულ უფრო ხშირად ატარებს რუსეთთან ე.წ. შეგუების პოლიტიკას, რაც „არალიბერალური პოლიტიკისკენ შებრუნების ნაწილია“.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ „თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-ისა და სხვა დასავლურ ორგანიზაციებს, რომლებიც დემოკრატიის განვითარებაზე მუშაობენ. ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას, პარალელურად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და, ასევე, ჩინეთთან“. როგორც „პოლიტიკო“ წერს, სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აღნიშნულ პროექტს დღეს წარადგენს.

წყარო