“ევროპარლამენტის არჩევნები: როგორ გავლენას მოახდენს მისი შედეგები უკრაინისადმი დახმარებაზე”-Deutsche Welle

„ევროპის პარლამენტის არჩევნებში, რომელიც 6-9 ივნისს უნდა ჩატარდეს (პირველად „ბრექსიტის“ შემდეგ), მემარჯვენე პოპულისტების გამარჯვებას პროგნოზირებენ“, – ნათქვამია სტატიაში, რომელიც გერმანულმა „დოიჩე ველემ“ (DW – Deutsche Welle) გამოაქვეყნა სათაურით: “ევროპარლამენტის არჩევნები: როგორ გავლენას მოახდენს მისი შედეგები უკრაინისადმი დახმარებაზე“ (ავტორი – ვიქტორია ვლასენკო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ევროკავშირის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება პოლიტიკური ძალების ლანდშაფტი, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გავლენას მოახდენს არა მარტო ევროკავშირის საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკაზეც, მათ შორის უკრაინისადმი მხარდაჭერაზეც.

ევროპის პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ აქვს – იმიტომ, რომ ასეთი უფლება ეროვნული პარლამენტების პრეროგატივას წარმოადგენს. თუმცა, ამის მიუხედავად, ევროკავშირის წარმომადგენლობითი ორგანო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინიცირებული კანონპროექტებისა და საკანონმდებლო რეზოლუციების მიღებაში, გავლენას ახდენს ევროსაბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგზე, ამტკიცებს ევროკომისიის შემადგენლობას, ანუ ხმას აძლევს ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელების კანდიდატურებს.

ევროპარლამენტის დღევანდელი შემადგენლობის მიერ მიღებულ რეზოლუციებში, რომელიც კიევის მიმართ სამხედრო, ფინანსური-ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა იყო გამოხატული, ყოველთვის აუცილებელ მხარდაჭერას იღებდა უმრავლესობის მხრიდან. მათზე არსებით გავლენას ვერ ახდენდნენ ის პროკრემლური პოზიციები, რომლებსაც ულტრამემარჯვენე ფრაქციის „იდენტურობისა და დემოკრატიის“ წევრები და ზოგიერთი ცალკეული დეპუტატები გამოხატავდნენ.

მაგრამ უკვე სულ მალე შეიძლება სიტუაცია მკვეთრად შეიცვალოს.

პოპულისტთა გავლენის საფრთხე

საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს (ECFR) მონაცემების მიხედვით, ივნისის არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტში შეიძლება მნიშვნელოვანი გადახრა მოხდეს მარჯვნისაკენ – იმიტომ, რომ ევროკავშირის წევრ ბევრ ევროპულ ქვეყანაში წარმატებას აღწევენ მემარჯვენე-პოპულისტური და მემარჯვენე-რადიკალური პარტიები, ხოლო მემარცხენე-ცენტრისტები და „მწვანეები“ გავლენას კარგავენ.

ექსპერტების პროგნოზით, ევროპარლამენტის დღევანდელი შემადგენლობის ორი ძირითადი ფრაქცია – „ევროპის სახალხო პარტია“ და „სოციალისტ-დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ არჩევნების შედეგად ევროპარლამენტში, ალბათ, ადგილებს დაკარგავენ, თუმცა „სახალხო პარტიელები“ მაინც შეინარჩუნებენ ყველაზე დიდი ფრაქციის პოზიციას. ეს ნიშნავს, რომ მათ ისევ ექნებათ უფლებამოსილება დღის წესრიგის განსაზღვრისა და ევროკომისიის ახალი ხელმძღვანელის შერჩევაში (ანუ შესაძლოა მის პრეზიდენტად ისევ ურსულა ფონ დერ ლაიენი დარჩეს). იმავდროულად მოსალოდნელია, რომ პოზიციებს დაკარგავენ ცენტრისტები ფრაქციიდან „გაანახლე ევროპა“, აგრეთვე დასუსტდება ფრაქცია „მწვანეები//ევროპის თავისუფალი ალიანსი“.
მაგრამ როგორც პროგნოზებით ჩანს, მომავალ არჩევნებში მთავარი გამარჯვებული, სავარაუდოდ, გახდება მემარჯვენე-რადიკალური ფრაქცია „იდენტურობა და დემოკრატია“. არ არის გამორიცხული, რომ თავისი წევრების რაოდენობით ის ევროპარლამენტში მესამე ფრაქცია იქნება „სახალხო პარტიელებისა“ და „სოციალისტ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ შემდეგ. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წევრთა რიცხვს ფრაქცია „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტებიც“ (მემარჯვენე „რბილი“ ევროსკეპტიკოსები) გაზრდიან და მას ზოგიერთი ფრაქციის გარეშე მყოფი დეპუტატებიც (ნაციონალისტური პარტიის წევრები თავიანთ ქვეყნებში) შეუერთდებიან, მაშინ ულტრამემარჯვენე და მემარჯვენე პოპულისტების გავლენა ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში შესამჩნევად მოიმატებს.
რაც არ უნდა მოხდეს, უკიდურეს შემთხვევაშიც კი, როგორც „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“ (ЕРС) ექსპერტები პროგნოზირებენ, „ნაციონალისტური და მემარჯვენე რადიკალური ევროდეპუტატები ადგილების მეოთხედს დაიკავებენ. „ასეთი პერსპექტივა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რომ ევროკავშირის მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს შეუძლია ხელი შეუშალოს ინტეგრაციას და ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას იმ დროს, როცა გეოპოლიტიკა და მუდმივი კრიზისები ევროპარლამენტისაგან უფრო მეტი ერთობისა და სიმტკიცის გამოვლენას მოითხოვს“, – გამაფრთხილებლად ამბობენ ექსპერტები..
რამდენად სერიოზულია იმის საფრთხე, რომ არჩევნების შედეგად ევროპარლამენტი უკრაინისადმი მხარდაჭერას შეამცირებს? და ეს შეიძლება თუ არა მოხდეს იმ დროს, როცა კიევი რუსეთთან ომშია ჩაბმული და ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს?
„ამის მუქარა ძალიან დიდია“, – აღიარებს ნატალი ტოჩი, რომის (იტალია) საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტის დირექტორი. როგორც მან განმარტა DW-სთვის გაკეთებულ კომენტარში, მემარჯვენე პარტიები უფრო მეტ ყურადღებას საშინაო საკითხებს უთმობენ, ღიად თუ ფარულად ატარებენ პროკრემლურ პოლიტიკას და იგნორირებენ უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის“. გარდა ამისა, ისინი ნაკლებად დამთმობნი არიან და კომპრომისებზე არ თანხმდებიან ევროკავშირის შიგნითაც, ისინი ხელს უშლიან გადაწყვეტილების მიღებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სანქციების გამოცხადება, თავდაცვითი პოლიტიკა ან ევროკავშირის გაფართოება. სწორედ ამიტომაც, თუ რადიკალები ევროპარლამენტში ადგილების მაღალ რაოდენობას მიიღებენ, მათი წარმატება ევროკავშირის მხრიდან უკრაინისადმი დახმარებას რისკებს უქმნის“, – ხაზს უსვამს ნატალი ტოჩი.

მემარჯვენეთა იძულებითი კომპრომისები

თუმცა იმის ვარაუდები, რომ მემარჯვენე რადიკალური პარტიების ანტიუკრაინული პოზიცია ავტომატურად გადაიქცევა მათ პოლიტიკად ევროპარლამენტის ლეგისლატურულ პერიოდში, ალბათ, შეცდომა იქნებოდა. ასეთ თვალსაზრისს გამოხატავს როჯერ ჰილტონი, სლოვაკური ანალიტიკური ცენტრის GLOBSEC-ის მეცნიერ-თანამშრომელი: „ივნისის არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტებმა მაღალი შედეგები რომც აჩვენონ, უკრაინისადმი მხარდაჭერის კრახი მაინც არ მოხდება, ევროკავშირში მაინც იქნება კიევის საკმარისი მომხრე“, – აღნიშნა ექსპერტმა DW-სთან საუბარში.
როჯერ ჰილტონი ამას იმით ხსნის, რომ მემარჯვენე პარტიების წარმომადგენლების საქმიანობა, თუ ევროპარლამენტში იქნებიან არჩეულნი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მოახერხებენ ისინი თავიანთ პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხების განხორციელებას, მაგალითად, მიგრაციისადმი მკაცრ კონტროლს: „მხარდაჭერის მისაღებად ისინი იძულებულნი იქნებიან ითანამშრომლონ ევროპარლამენტის სხვა დეპუტატებთან, ვთქვათ, „სახალხო პარტიელებთან“. ანუ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მემარჯვენე-რადიკალ ევროდეპუტატებსაც მოუწევთ, რაც დადებით გავლენას მოახდენს უკრაინის მხარდამჭერი აქტების მიღებაზე“.
თავის მხრივ, ნატალი ტოჩი დასძენს, რომ ევროპარლამენტში მემარჯვენე-რადიკალების მიერ ძლიერი ანტიუკრაინული ლობის ჩამოყალიბებას ხელს შეუშლის ის ფაქტის, რომ თვით ამ პარტიებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს უკრაინასთან მიმართებით. „მათ სხვადასხვა ხედვები აქვთ ძალიან ბევრ საკითხზეც – ტრანსატლანტიკური ურთიერთობაზე, მიგრაციაზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე და ა.შ.“, – განმარტავს ექსპერტი.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ნეგატიური გავლენა
გარდა ამისა, მემარჯვენე პოპულისტური პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოთქმული ანტიუკრაინული რიტორიკა ყოველთვის არ რეალიზდება მათ კონკრეტულ მოქმედებებში.

„ჩვენ ბოლო დროს ვხედავთ, რომ პოპულიზმი ძალიან ხშირად ადგილს პრაგმატულ მიდგომებს უთმობს. ავიღოთ, ვთქვათ, „დიდი შვიდეულის“ მაგალითი, თუ როგორ უჭერენ მხარს მისი წევრები უკრაინას იტალიის პრემიერ-მინისტრის, მემარჯვენე პოპულისტის ჯორჯია მელონის თავმჯდომარეობით, ან გავიხსენოთ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი, რომლის ძალისხმევით განხორციელდა უკრაინისადმი 61-მილიარდიანი დახმარების პაკეტის მიღება… „თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ვარაუდების იმედზე ყოფნა არ ღირს. მთავარი რეალური მოვლენა წინ არის: ევროპარლამენტში რადიკალური პარტიების პოლიტიკა ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში“, – ამბობს ნატალი ტოჩი, – „მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზოგიერთი ევროპელი მემარჯვენე ნაციონალისტი მეტ-ნაკლებად მაინც მხარს უჭერს უკრაინას, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ ისინი, სავარაუდოდ, სწრაფად შეიცვლიან თავიანთ პოზიციას – უკრაინის საწინააღმდეგოდ“.

წყარო: