პრეზიდენტის ვეტო თუ იქნება ფორმალური, აცდენილი გამჭვირვალობის პრინციპს, რა პრინციპსაც ეფუძნება კანონპროექტი, ის იქნება დაძლეული, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, ნებისმიერი კრიტიკა არგუმენტს უნდა ეფუძნებოდეს.
„გვაქვს პოზიცია, თუ ვინმეს სურს ვეტომდე შინაარსში შეცვლა, მზად ვართ კომუნიკაციისთვის, შესაბამისად ჩვენი ეს პოზიციაც უცვლელია. ვეტო თუ იქნება ფორმალური, აცდენილი გამჭვირვალობის პრინციპს, რა პრინციპსაც ეფუძნება კანონპროექტი, ის იქნება დაძლეული. გავაკეთეთ შეთავაზება, რომ მზად ვართ კომუნიკაციისთვის, თუ ამის ინტერესი იქნება. რაღაცას როცა აკრიტიკებ და არ მოგწონს, ეს უბრალოდ შენი სუბიექტური აზრი კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს არგუმენტი, დასაბუთება. ნებისმიერი კრიტიკა უნდა ეფუძნებოდეს არგუმენტს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი მზად არის, კანონპროექტთან დაკავშირებით პარტნიორებთან იმსჯელოს, გამართონ დისკუსია საზოგადოების თვალწინ.
„მიუღებელია, როცა ვხედავთ, რომ არ არის არგუმენტი, დასაბუთება. მზად ვართ და გვექნება დამატებით შეხვედრებიც, კომუნიკაციაც პარტნიორებთან და ამ საკითხებთან დაკავშირებით ვართ ღია. პრემიერ-მინისტრმა გააკეთა შეთავაზება. რაღაცას არასწორად თუ ვაკეთებთ, დავსხდეთ საზოგადოების თვალწინ, პირდაპირ ეთერში, გავმართოთ დისკუსია. დებატებს კი არ ვეუბნებით პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, არამედ დისკუსიას. ხომ ამბობენ, რომ რაღაც არასწორია, საზოგადოებამ იხილოს ეს ჯანსაღი დისკუსია, მსჯელობა კანონპროექტთან დაკავშირებით და საზოგადოება ნახავს, რომ ჩვენს მხარეს, „ქართული ოცნების“ მხარეს, ჩვენი ხალხის მხარეს არის სიმართლე. სამწუხაროა, როდესაც ამბობენ, რომ რაღაც არ მოსწონთ, მაგრამ არგუმენტი არ არსებობს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა: „ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ თამაშებს, რადგან ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ხალხში გაუგებრობა შემოიტანოს“.