გირგვლიანის ადვოკატობიდან დახვედით „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატობამდე! – ანრი ოხანაშვილი შალვა შავგულიძეს, რომელმაც კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

[სანდრო] გირგვლიანის ადვოკატობიდან დახვედით „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატობამდე, ეს არის თქვენი სახე! – ასე მიმართა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატს, შალვა შავგულიძეს, რომელმაც სხდომა, სადაც რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მეორე მოსმენით იხილებოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

შალვა შავგულიძე საკითხის მომხსენებლისთვის კითხვის დასმას ცდილობდა, თუმცა მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, რომელიც კომიტეტის სხდომას თავმჯდომარეობდა, რამდენჯერმე მიუთითა, რომ კითხვის დასმა დროულად დაესრულებინა და მას მიკროფონი ამის გამო რამდენჯერმე გაუთიშა.

 

როგორც შავგულიძემ აღნიშნა, ასეთ პირობებში სხდომაში მონაწილეობას აზრი არ აქვს და შესაბამისად, სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

 

„ასეთ პირობებში, უბრალოდ აზრი არ აქვს კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას. პროტესტის ნიშნად ვტოვებ ასეთ ცუდ საკომიტეტო მოსმენას“,- განაცხადა შავგულიძემ.

 

როგორც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების მომხსენებელმა, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატი იმ საკითხებზე აპელირებს, რომელიც არ დგას დღის წესრიგში.

 

„დაიდგა სცენა, არ ვიცი, რას ემსახურება ეს ყველაფერი. გირგვლიანის ადვოკატად მოგქონდათ თავი და „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატი ხართ. გირგვლიანის ადვოკატობიდან დახვედით „ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატობამდე. ეს არის თქვენი სახე. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ადვოკატი ხართ, იყავით, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

ამასთან, მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, შალვა შავგულიძეს მიმართა და უთხრა, რომ მას კითხვის დასმის საშუალება ჰქონდა.

 

„თქვენ კითხვის დასმის საშუალებაც გქონდათ, გისმენდით კიდეც, მაგრამ ეტყობა პროფესიონალიზმი არ გყოფნით და კიდევ სხვა საკითხებია თქვენში პრობლემა“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

 

ცნობისთვის, პარლამენტი დღეიდან იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომლის მომზადება მმართველი გუნდის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება.

 

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით მუხლობრივად “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავენ.